ირაკლი ქადაგიშვილი:  ჩვენ არ გვაქვს პრეზიდენტ ზელენსკის მოსმენის პრობლემა და კომპლექსი, მაგრამ  ვინ არის ხატია დეკანოიძე, რომ  პარლამენტის სახელით ლაპარაკობს?

ირაკლი ქადაგიშვილი: ჩვენ არ გვაქვს პრეზიდენტ ზელენსკის მოსმენის პრობლემა და კომპლექსი, მაგრამ  ვინ არის ხატია დეკანოიძე, რომ  პარლამენტის სახელით ლაპარაკობს?

ჩვენ არ გვაქვს პრეზიდენტ ზელენსკისთან არანაირი პრობლემა და არანაირი კომპლექსი, აქ სხვა რამეზეა ლაპარაკი. ვინ არის ხატია დეკანოიძე, რომ დღეს საქართველოს პარლამენტის სახელით ლაპარაკობს? - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა, რითაც ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ხატია დეკანოიძის განცხადებას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მზადაა, საქართველოს პარლამენტს მიმართოს.

ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება“ უკრაინას უარს არაფერზე ეუბნება, თუმცა ხატია დეკანოიძისნაირი ადამიანების განცხადებებსა და ინიციატივებს უარს ეტყვის.

„ხატია დეკანოიძემ საქართველო საჯაროდ დაადანაშაულა რუსეთისათვის შეიარაღების შესყიდვაში, შეძენასა თუ ხვრელების მოძებნაში, რომლითაც მან უნდა დახოცოს უკრაინელები.

ინიციატივები ორ სახელმწიფოს შორის მოლაპარაკების შედეგია და არა ისეთი პოლიტიკოსების გადასაწყვეტი და პროვოკაციულად შემოსაგდები, როგორიც ხატია დეკანოიძეა. მან ჯერ იმაზე, რაც თქვა, სულ მცირე, საჯაროდ მოიხადოს ბოდიში. როცა შენს საკუთარ ქვეყანას არნახულ დანაშაულს აბრალებ, მეტი რაღა უნდა დააბრალო.

ჩვენ არავის უარს არ ვეუბნებით, ჩვენ უარს ვეუბნებით ხატია დეკანოიძისნაირი მე-5 კოლონის მიერ გაკეთებულ განცხადებებს. დეკანოიძეს ვეუბნებით უარს და უკრაინას არაფერზე უარს არ ვეუბნებით. ეს იქნება ორმხრივი კონსულტაციების შედეგად და არა ხატია დეკანოიძის“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.