ნარკოტიკების მომხმარებლებისთვის შესაძლოა, სპეციალური ციხე, სამკურნალო დაწესებულება შეიქმნას. როგორც სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა სოზარ სუბარმა აღნიშნა, ნარკოტიკებთან დაკავშირებით ყოფილი ხელისუფლების ვითომ მკაცრმა სისხლის სამართლებრივმა პოლიტიკამ სრული კრახი განიცადა. სწორედ წინა ხელისუფლების დროს, ნარკოტიკული დანაშაული იატაკქვეშეთში გადავიდა, გაიზარდა და გაძლიერდა.
ამიტომ უნდა შეიქმნას ერთგვარი ახალი ტიპის დაწესებულება, ციხე, რომელიც ტრადიციული გაგებით, ციხე კი არ იქნება, არამედ - ერთგვარი სამკურნალო დაწესებულება, სადაც ადამიანები გამოჯანმრთელდებიან და ნარკოდამოკიდებულები აღარ იქნებიან.
ამასთან, სოზარ სუბარი სიცრუეს უწოდებს იმ ფაქტს, თითქოს, ციხეებში დღესაც ნარკოტიკები შედის. მისი თქმით, ოფიციალური სტატისტიკით, ციხეებში 2005 წელს 149 ნარკოტიკული ნივთიერების შეტანის შემთხვევა არის დაფიქსირებული. 2006 წელს 2010 ნარკოტიკის შეტანა დაფიქსირდა, 2007 წელს -102 ნარკოტიკის შეტანის ფაქტი და ასე გრძელდება შემდეგ წლებშიც. რაც შეეხება 2013 წელს, ნარკოტიკის შეტანის ფაქტზე ერთი საქმეა აღძრული.
თავის დროზე პატრიარქი აცხადებდა, რომ კარგი იქნებოდა, მსუბუქი დანაშაულისთვის ბრალდებული ადამიანები არა ციხეებში, არამედ ეკლესია-მონასტრებში გადაენაწილებინათ და იქ მოეხადათ დარჩენილი სასჯელი. შესაძლებელია თუ არა ამ იდეის განვრცობა ნარკოტიკდამოკიდებულებზეც, მით უმეტეს, რომ მრავალ მონასტერში არსებობს სარეაბილიტაციო ცენტრი, ამის შესახებ For.ge უფლებადამცველებს ესაუბრა.
უფლებადამცველი გელა ნიკოლაიშვილი მიიჩნევს, რომ პრობლემა აქტუალურია, რადგან ნაციონალების წასვლამდეც და დღესაც ნარკომანები იყვნენ, არიან, და სამწუხაროდ, მომავალშიც იქნებიან. ამიტომ დღევანდელი სახელმწიფოს პოლიტიკა ნაციონალების პერიოდისგან განსხვავებული უნდა იყოს. კერძოდ, ნაციონალების დროს სახელმწიფო მასთან მოთანამშრომლე ნარკომანებს ყველანაირად იყენებდა, ამ ადამიანებს თვითონვე აძლევდნენ ნარკოტიკს და მათ იყენებდნენ, რათა სხვისთვის მიეწოდებინათ ნარკოტიკი, ან რაღაც ინფორმაცია მიეღოთ მათგან, ჩაენერგათ სხვაგან და ა.შ. ასეთი ნარკომანები კი ყოფილ ხელისუფლებას აღრიცხული ჰყავდა და მათი მკურნალობისთვის არაფერი კეთდებოდა. ციხეებში მხოლოდ მეტადონის პროგრამა არსებობდა და ამით შემოიფარგლებოდნენ.
„ამ ტიპის ჩანერგილები ციხეებშიც იყვნენ. უფრო მეტიც, საკნებში ასეთი ადამიანების შეყვანა გადამდები მაგალითი იყო სხვა პატიმრებისთვის. ამიტომაც ისინი სხვებისგან იზოლირებულნი უნდა იყვნენ. ნარკოტიკების მომხმარებლებისთვის სპეციალური ციხის აშენება ცივილიზებული მეთოდია. თუ ჩვენ ნარკომანს ავადმყოფად ვთვლით, მას უნდა ვუმკურნალოთ კიდეც. ამიტომ ახალ დაწესებულებაში, ალბათ, მკურნალობის შესაძლებლობისთვის შესაბამისი პირობები შეიქმნება“, - აცხადებს გელა ნიკოლაიშვილი.
უფლებადამცველი ლია მუხაშავრია მიიჩნევს, რომ ნარკოტიკდამოკიდებული ადამიანები ციხეში არ გამოსწორდებიან და საზოგადოებისთვისაც სულაც არ არის მნიშვნელოვანი, ისინი ციხეში იხილოს. ამიტომ მათთვის, ალბათ, აშენდება არა ციხე, არამედ გარკვეული ტიპის დაწესებულება, რომელიც მთლად ღია ტიპის არ იქნება. სწორედ ამ დაწესებულებაში განხორციელდება ამ ადამიანების ნაწილობრივ იძულებით მკურნალობა. თუმცა ამაზე მათი თანხმობაც იქნება საჭირო.
„არ მაქვს ინფორმაცია, გაიზარდა თუ არა ციხეებში ნარკოტიკების შეტანა. თუმცა, როდესაც ადამიანი წამალდამოკიდებულია, ის ძალიან შესაცოდია. ამიტომ მას სჭირდება არა ციხის საკანში მოთავსება, არამედ სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნა. სხვა პატიმრისთვისაც რთულია ასეთი ავადმყოფის ყურება და ის სხვასაც ურთულებს სასჯელის მოხდას საპატიმროში“, - აცხადებს ლია მუხაშავრია.
ამასთან, პატრიარქის წინადადებასაც ეხმაურება, შედარებით მსუბუქი დამნაშავეების ეკლესია-მონასტრებში გადანაწილების თაობაზე. ადვოკატის თქმით, ყველა ტიპის დაწესებულება უნდა ამოქმედდეს, რადგან, ვიღაცისთვის მონასტერში ყოფნა მოახდენს დადებით გავლენას, ვიღაცა შეიძლება, არარელიგიური იყოს და მისთვის სამედიცინო დაწესებულებას უფრო უკეთესი შედეგი ჰქონდეს. ამიტომ, ამ ადამიანებს არჩევანი უნდა მივცეთ.
ადვოკატი ირმა ჭკადუა ვერ აკონკრეტებს, თუ რამდენად ხშირია ციხეებში ნარკოტიკების შეტანის ფაქტები, თუმცა აცხადებს, რომ თითო-ოროლა ასეთი შემთხვევა შეიძლება ნებისმიერი ქვეყნის დაცულ ციხეშიც მოხდეს. რაც შეეხება ცალკე ციხის აშენებას, ადვოკატის აზრით, ამ ტიპის სარეაბილიტაციო ცენტრის შექმნა აქტუალური იქნება, რადგან ხშირად ნარკოდანაშაულისთვის ბრალდებული, ციხიდან გამოსული პირი მალევე უბრუნდება ციხეს. ეს კი ნიშნავს, რომ ციხის პირობები, სადაც ისინი სასჯელს იხდიდნენ, აბსოლუტურად არ იყო ადეკვატური და წამალდამოკიდებული ადამიანების გამოჯანმრთელება ვერ ხდებოდა. ამიტომ, ისინი ციხიდან გამოსვლის შემდეგაც იმავე დანაშაულს სჩადიოდნენ.
„ნარკოდამოკიდებული ადამიანების ცალკე განთავსება აუცილებელია, სადაც მათი რეაბილიტაცია მოხდება, რადგან ისინი, ფაქტობრივად, ავადმყოფები არიან. პატრიარქის ინიციატივის განხორციელებაც კარგი იქნება, რადგან უწმინდესს მუდმივად ერის სასიკეთო წინადადებები აქვს. ის, რომ პატიმრები გადანაწილდნენ ეკლესიის მახლობელ დაწესებულებებში, ეს ალბათ, შესაძლებელია, მაგრამ რამდენად იქნება იქ მათი რეაბილიტაციის შესაძლებლობა, არ ვიცი“, - აღნიშნა ირმა ჭკადუამ.