პრეზიდენტ სააკაშვილის ”მადლიერება”

პრეზიდენტ სააკაშვილის ”მადლიერება”

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლთა ნაწილმა, მათ შორის 1992-1993 წლებისა და 2008 წლის საომარი მოქმედებების მონაწილეებმა, გმირთა მოედანზე პერმანენტული საპროტესტო აქციები 27 დეკემბერს დაიწყეს და შიმშილობის შეწყვეტას 6 იანვრისთვის გეგმავდნენ, თუმცა, ვერ გაითვალისწინეს, რომ 3 იანვარს მათ პრეზიდენტ სააკაშვილის კორტეჟი გვერდით ჩაუვლიდა და რომ ”ბუენა ვისტას” კონცერტიის შემდეგ სასიამოვნოდ მოთენთილ პრეზიდენტს აქცია და აქციის მონაწილეები თვალში არ მოუვიდოდა.

ვეტერანების განცხადებით, სააკაშვილმა გმირთა მოდანზე ვაკის მიმართულებით გაიარა და სწორედ სააკაშვილის ჩავლიდან ერთ საათში იქ პოლიცია მივიდა და მათ დაშლას შეეცადა. ვეტერანების ვერსიით, სააკაშვილს არ მოეწონა აქციის ფორმა და მან გასცა აქციის დაშლის ბრძანება. პოლიციელები გმირთა მოედანზე ერთ საათში მივიდნენ და აქციის შეწყვეტა მოითხოვეს. თავდაპირველად, ვეტერანები მათ დაემორჩილნენ და ლეიბები და სხვა ნივთები აიღეს. თუმცა, პარალელურად ამის შესახებ ოპოზიციას შეატყობინეს. ბათიაშვილისა და აბაშიძის მისვლის შემდეგ კი, ვეტერანები აქციის გაგრძელებას შეეცადნენ, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

სანამ დაკავებები დაიწყებოდა, ვეტერანებთან გია ყარყარაშვილი მივიდა და აქციის მონაწილეებს დაშლისაკენ მოუწოდა. ყარყარაშვილი აცხადებდა, რომ აქციამ შედეგი უკვე გამოიღო, ყურადღება მიიპყრეს და უნდა დაშლილიყვნენ. აქვე ყარყარაშვილმა განაცხადა, რომ აქციის ფორმას იგი არ ეთანხმება, მისთვის მიუღებელია და ულამაზოა გმირთა მოედანზე კარვები. მისი მოწოდება ვეტერანებმა არ გაიზიარეს.

აქციის ფარგლებში რამდენიმე ვეტერანი შიმშილობდა. ისინი ხელისუფლებას ომის ვეტერანთა მიმართ უყურადღებობაში ადანაშაულებენ და მოითხოვენ, რომ ის ადამიანები, რომლებმაც სამშობლოს წინაშე ვალი პირნათლად მოიხადეს, სათანადოდ დაფასდნენ.

ასეა თუ ისე, ხელისუფლების ყურადღება მათ მართლაც მიიქციეს და ისე სათანადოდ დაფასდნენ, როგორც ამ ხელისუფლებას შეჰფერის. რამდენიმე დღეში ალბათ ტელევიზიით მოვისმენთ პატრულის რომელიმე ყოჩაღი თანამშრომლის მონოტონურ თხრობას: ”ვმოძრაობდი... კვადრატში... ამ დროს... შევეცადეთ... წინააღმდეგობა გაგვიწიეს... დავაკავეთ...”

ყველაფერი კი ქალბატონის ცემით დაიწყო. 

აქციის დაშლისას სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ძალოვანი უწყების წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ აქციაზე მყოფ ”ქართული პარტიის” ისნის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს ეკა მათიაშვილს, რომელსაც საავადმყოფოში სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა, დაკავებით კი ამავე პარტიის აქტივისტი, შოთიკო იამანიძე დააკავეს, რადგან ის ეკა მათიაშვილს გამოექომაგა. შემდეგ, ვეტერანების ჯერიც დადგა. მათი ნაწილი ნარკოლოგიურში, ნაწილი კი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. დაკავების სპეცოპერაცია თითქმის ერთ საათს გაგრძელდა და ამ პერიოდის განმავლობაში, ვარაზისხევში ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებული იყო. სპეცოპერაციაში მონაწილეობას შსს-ს დანაყოფები - საპატრულო პოლიცია, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტი, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი, ასევე კრიმინალური პოლიცია იღებდა.

მას შემდეგ, რაც პოლიციელებმა გმირთა მოედანი აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს, ტერიტორია თავად დაიკავეს და მას ცოცხალი კედლით იცავდნენ. ადგილზე რამდენიმე ათეული სამართალდამცავი იყო მობილიზებული. დაახლოებით იმდენი, რამდენმაც 2004 წელს ცხინვალში დაიჩოქა.

ვეტერანების დაკავების შემდეგ და სიტუაცია მიწყნარდა, პოლიციელთა ჯგუფი ვარაზისხევის მიმართულებით დაიძრა. აღმოჩნდა, რომ საპატრულო პოლიციის მანქანაში რამდენიმე პირს სვამდნენ. მათგან ერთ-ერთი გიორგი კორკოტაშვილი (კორკოტა) იყო.

გმირთა მოედანზე დაკავებულ ვეტერანებს სავარაუდოდ, ადმინისტრაციული წესით გაასამართლებენ. ამის შესახებ დაკავებულების ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ერთ-ერთი დაკავებულმა მას დაურეკა და აცნობა, რომ სხვა დაკავებულებთან ერთად არის და მიმდინარეობს ადმინისტრაციული წესით მათ გასამართლებაზე საუბარი. ნიკოლაიშვილის განმარტებით, თუ ადმინისტრაციული წესით გაასამართლებენ, სასამართლო პროცესი დაკავებიდან 24 საათში, ანუ დღეს საღამომდე უნდა ჩატარდეს.

სასამართლო თბილისის საქალაქო სასამართლოში სავარაუდოდ, 10:00 საათზე გაიმართება . ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” დეპუტატმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ აცნობა, რომელიც თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს წინასწარი დაკავების იზოლატორში ვეტერანებს - მალხაზ თოფურიას, ამორე რევიშვილს, შოთა ზღუდაძეს, შოთა იამანიძეს, ვალერიან ძებისაშვილს, ლევან ასატრიანს და ლევან ასათიანს შეხვდა

ლორთქიფანიძის განმარტებით, მათგან მხოლოდ 4-ია ვეტერანი. შოთა იამანიძე "ქართული პარტიის" წევრია, შოთა ზღუდაძე კი ვეტერანების აქციის მხარდამჭერი. დეპუტატის თქმით, დაკავებულები თავს ნორმალურად გრძნობენ და ოჯახთან დაკავშირების საშუალება ჰქონდათ.

ნიკოლაიშვილის ინფორმაციით, საქმეში მის გარდა სახალხო დამცველის ოფისი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაა ჩართული და სავარაუდოდ, დაკავებულების ინტერესებს ისინიც დაიცავენ. ადვოკატის ინფორმაციით, 15-მდე პირია დაკავებული. მათ სავარაუდოდ პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევაში და წვრილმან ხულიგნობაში ედავებიან.

ნიკოლაიშვილის განმარტებით, დაკავებულები არც უარყოფენ რომ პოლიციელებს გაუწიეს წინააღმდეგობა, თუმცა პოლიციელების მოთხოვნა უკანონო იყო და მას არ დაემორჩილნენ. მისი თქმით, ვეტერანები კანონის ჩარჩოებში მოქმედებდნენ, მერია გაფრთხილებული იყო, არც საზოგადოებრივი წესრიგი დაურღვევიათ და არც ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეუფერხებიათ.

გუშინდელ მოვლენებს ოპერატიულად გამოეხმაურნენ პოლიტიკური პარტიები და ცალკეული პოლიტიკოსები.

”ხალხს, რომელთა მიმართაც მადლიერება უნდა გაგვაჩნდეს, ხელისუფლებამ ლუკმა-პური გამოაცალა, სასიკვდილოდ გაწირა, აიძულა შიმშილობა დაეწყო და ნაცვლად იმისა, რომ ბოდიში მოეხადა, დახმარებოდა, ზურგში ლახვარი ჩასცა. ჩვენ მართლა დავკარგეთ ღირსება, ვითმენთ ყველაფერს; ვითმენთ სააკაშვილს - სისხლიან პრეზიდენტს, რომელიც თავის ქმედებებით სისხლს უშრობს ხალხს, შიმშილით განწირული ადამიანების გვამებზე დათარეშობს” - ნათქვამია ”თეთრების” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

”ქართული პარტია” მოითხოვს, პასუხისგებაში მიეცნენ ის პირები, რომლებიც მათიაშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ. პარტია მიმართავს არასამთავრობო ორგანიზაციებს, ადამიანის უფლებების დამცველ ინსტიტუტებს, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, ადეკვატური შეფასება მისცენ დღეს თბილისში, აფხაზეთის ომში დაღუპულთა მემორიალთან მომხდარ ძალადობრივ ქმედებებს.

”დაუშვებელია ასე მოექცნენ იმ ადამიანებს, რომლებიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვისთვის იბრძოდნენ და დღეს საკუთარი უფლებების დაცვას ცდილობენ. მიუღებელია, როდესაც ასეთი ქმედება გმირთა მემორიალთნ ხდება. მსგავსი ქმედებები სახელმწიფოს კარგს არაფერს მოუტანს”, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პაატა დავითაიამ.

დღეს 14:00 საათზე გმირთა მოედანზე დაკავებული ვეტერანების მხარდამჭერი აქცია გაიმართება. აქციის ორგანიაზატორი საინიციატივო ჯგუფია . როგორც საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა ჯაბა ტყემალაძემ განაცხადა, აქციაში მონაწილეობას ის მეომრები მიიღებენ, რომელთაც რეალურად იციან ამ სფეროში არსებული პრობლემები. ტყემალაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ თავად ის ვეტერანი არ არის და ომების დროს დაჭრილებს სამედიცინო დახმარებას უწევდა. მისი თქმით, ამ აქციის უკან არანაირი პოლიტიკური ძალა არ დგას

ტყემალაძის განმარტებით, გმირთა მოედანზე შეიკრიბებიან, გააპროტესტებენ ვეტერანების დაკავებას და საზოგადოებას მოთხოვნებს გააცნობენ. ერთ-ერთი მოთხოვნაა, რომ მიხეილ სააკაშვილმა, ქვეყნის მთავარსარდალმა, ვეტერანების დარბევისთვის ბოდიში საჯაროდ მოიხადოს და დაისაჯონ დარბევაში მონაწილე პირები.