ბუქარესტის რკინიგზის სადგურზე მყოფი უკრაინელი ლტოლვილებისთვის ტომ ოდელმა თავისი ცნობილი სიმღერა Another Love შეასრულა, რომელიც სოციალურ მედიაში უკრაინელთა მხარდაჭერის სიმბოლოდ იქცა.
ბრიტანელმა მომღერალმა Another Love ფორტეპიანოს თანხლებით შეასრულა, მის ირგვლივ კი სადგურზე მყოფი უკრაინელი ლტოლვილები შემოიკრიბა. აღსანიშნავია, რომ სიმღერა, რომელიც საყვარელი ადამიანისთვის ბრძოლის შესახებ მოგვითხრობს, უკრაინის ომთან მიმართებით უკვე TikTok-ის ბევრ ვიდეოშია გამოყენებული.
მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, სამშობლო 2,5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა და თავი მეზობელ ქვეყნებს შეაფარა. გაეროს შეფასებით, ეს საუკუნის ყველაზე დიდი ლტოლვილთა კრიზისი იქნება.
რუმინეთში უკვე 381 ათასამდე უკრაინელი უკვე ჩავიდა, ზოგიერთი მათგანი კი ახლაც ბუქარესტის რკინიგზის სადგურშია. რუმინელი მოხალისეები და ადგილობრივი მთავრობა მათ საკვებს, ცხელ სასმელსა და საცხოვრებელს სთავაზობს.
ტომ ოდელი რუმინელ მომღერლებთან ერთად ბუქარესტში კონცერტის ჩატარებას გეგმავს, რათა უკრაინელთა დასახმარებლად ფული შეაგროვოს. კონცერტისგან შეგროვებული თანხა წითელ ჯვარს გადაეცემა, რომელიც უკრაინელ ლტოლვილებს ეხმარება.