24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ომი წამოიწყო, რომელიც დღემდე გრძელდება. რუსეთის აგრესიას უამრავი ცნობილი ადამიანი გამოეხმაურა. ვარსკვლავების ნაწილი უკრაინელებს ფინანსურადაც ეხმარება, რომელთა შორისაც მილა კუნისი და ეშტონ კაჩერიც არიან.
ცოტა ხნის წინ მილამ და ეშტონმა დააანონსნეს, რომ უკრაინელების დასახმარებლად $30 მილიონის შეგროვებას აპირებდნენ. წყვილმა ფულის შეგროვება პლატფორმა GoFundMe-ზე დაიწყო და, ბოლო მონაცემებით, შეგროვებულმა თანხამ უკვე $20 მილიონს გადააჭარბა. თავად მილამ და ეშტონმა უკრაინელების დასახმარებლად $3 მილიონი გაიღეს.
აღსანიშნავია, რომ მილა კუნისი წარმოშობით უკრაინელია და უკრაინაში დაიბადა. მსახიობის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს სამშობლოდ მიიჩნევს და მისი მადლიერია, თავისი უკრაინული ფესვებით ახლა ძალიან ამაყობს.
"დღეს ამაყი უკრაინელი ვარ. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ოჯახი აშშ-ში 1991 წელს ჩამოვიდა, მე 1983 წელს უკრაინაში, ჩერნოვციში დავიბადე. უკრაინელები ამაყი და მამაცი ხალხია, რომლებიც გაჭირვების დროს ჩვენს დახმარებას იმსახურებენ", — განაცხადა მილამ.
როგორც ჩანს, მილა და ეშტონი დაპირებულ $30 მილიონს მალევე შეაგროვებენ და უკრაინელი ხალხის დახმარებაშიც უდიდეს წვლილს შეიტანენ.