პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, ცალკეულ ადამიანებს სურთ, უკრაინის საკითხი პოლიტიკური დივიდენდების მისაღებად გამოიყენონ.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნება და პროვოკაციის თავიდან აცილება აუცილებელი საკითხია და ამ თემაზე აზრთა სხვადასხვაობა არ უნდა იყოს.
"არის სერიოზული დაპირისპირება ორ აზრს შორის, ერთი გულისხმობს სტაბილურობის შენარჩუნებას, საომარ მოქმედებებში არჩართვას, პროვოკაციაზე არწამოგებას, რისკენაც რუსეთის ფედერაცია შეიძლება ისწრაფვოდეს ამ ეტაპზე. რასაკვირველია, გარკვეული ეკონომიკური სანქციების გამოცხადების თემასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია მოსმენილი გაქვთ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საპირისპირო პოზიცია არათუ საფრთხის შემცველია, რეალურად ყალბი, რამეთუ ადამიანებს, პოლიტიკურ ჯგუფებს, სუბიექტებს სურთ, რომ შექმნილი უმძიმესი ვითარება გამოიყენონ იმისთვის, რათა პოლიტიკური დივიდენდი მიიღონ. ამ პოზიციების დასაბუთება ერთი და მეორე მხრიდან იქნება აქტუალური საკითხი მომავალ კვირასაც. რასაკვირველია, პოზიციების შეჯერება უმრავლესობაში, გათვალისწინება, აზრების მოსმენა არის საგანგებოდ მნიშვნელოვანი, მითუმეტეს, თუ პრეზიდენტი მოდის და ამ საკითხებთან დაკავშირებით გვექნება საუბარი", - აღნიშნა ვოლსკიმ.
მისივე თქმით, მსოფლიოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საერთო პოზიციების შემუშავებაა საჭირო.
"ნაციონალური მოძრაობის" განცხადებები ვიხილეთ ისეთი, რაზეც მე მაგალითად, შეშფოთებული ვარ. როდესაც ვთქვათ, ზელენსკი გამოდის და მისი სიტყვა აბსოლუტურად სხვანაირად არის ჩამოყალიბებული, თითქოსდა ჩვენს შორის არის სერიოზული პრობლემა. ეს იმხელა პროვოკაციაა, რომ არა მგონია რაიმე სხვა პროვოკაცია შეედაროს აი, ამ ნაბიჯს და ყოველდღიურ ისტერიკას, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ჩადის თავისი მედიასაშუალებების მეშვეობით. მიუხედავად ამისა, აგრესიული დამოკიდებულებებისგან, რასაკვირველია, ყველამ თავი უნდა შეიკავოს. საზოგადოებას რაც არ უნდა ნეგატიური განწყობა ჰქონდეს კონკრეტული პოლიტიკური ძალის მიმართ, რასაკვირველია, ეს შეიძლება შემოგვიტრიალდეს, როგორც დამაზიანებელი ფაქტორი. ჩვენ დღეს მსოფლიოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საერთო პოზიციების შემუშავება გვჭირდება", - განაცხადა გია ვოლსკიმ.