გია ვოლსკი: ნატოს მოკავშირეობის ასეთი დონე არაწევრ ქვეყნებში მსოფლიოში არავის გააჩნია, თუ არა საქართველოს, ჰელსინკის კომისიის განცხადებაში ამის ფორმალიზებაზეა საუბარი

გია ვოლსკი: ნატოს მოკავშირეობის ასეთი დონე არაწევრ ქვეყნებში მსოფლიოში არავის გააჩნია, თუ არა საქართველოს, ჰელსინკის კომისიის განცხადებაში ამის ფორმალიზებაზეა საუბარი

ჰელსინკის კომისია არის აშშ-ს მთავრობის ოფიციალური სააგენტო, მასში გაერთიანებული არიან ყოფილი პოლიტიკოსები, ექსპერტები და მოქმედი პოლიტიკოსებიც, გამომდინარე აქედან, უნდა ვიმსჯელოთ ამ მიმართვის სერიოზულობაზე, - ასე აფასებს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აშშ-ს ჰელსინკის კომისიის განცხადებას, რომელიც შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას მოუწოდებს, უკრაინას და საქართველოს NATO-ს "არაწევრი მთავარი მოკავშირის" სტატუსი (MNNA) მიანიჭოს.

მისივე თქმით, ნატო-ს ძირითადი მოკავშირეობის ასეთი დონე მსოფლიოს არაწევრ ქვეყნებს დღეს-დღეობით „არავის გააჩნია, თუ არა საქართველოს“, თუმცა ჰელსინკის კომისიის განცხადებაში საუბარი ამის ფორმალიზებაზეა, რაც მეტ უსაფრთხოების, თუ ეკონომიკურ რესურსს შეგვძენს.

,,ყველამ ვიცით, რომ დღეის მდგომარეობით საქართველო არის საგანგებო სტატუსის მქონე პარტნიორი ნატო-სათვის, რაც არაერთხელ დამტკიცდა კონკრეტულ ოპერაციებში მონაწილეობის თვალსაზრისით და საშინაო თუ საგარეო საკითხებზე პოზიციების შეჯერებით. მთავარი მოკავშირეობა არავისთვის ეჭვს არ წარმოადგენს ოპერაციებში მონაწილეობის, თუ საგარეო კურსის გათვალისწინებით, ძირითადი მოკავშირეობის ასეთი დონე არაწევრ ქვეყნებში მსოფლიოში დღეს-დღეობით არავის გააჩნია, თუ არა საქართველოს, თუმცა ჰელსინკის კომისიის განცხადებაში ამის ფორმალიზებაზეა საუბარი, რამაც მეტი რესურსი უნდა შეგვძინოს უსაფრთხოების და ეკონომიკური რესურსების მობილიზაციის თვალსაზრისით“, - აღნიშნა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, აშშ-ს ჰელსინკის კომისია შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას მოუწოდებს, უკრაინა და საქართველო NATO-ს "არაწევრი მთავარი მოკავშირის" სტატუსი (MNNA) მიანიჭოს. კომისია აშშ-ის პრეზიდენტს მოუწოდებს ორივე ქვეყნის NATO-ში გაწევრიანების მიმართ მხარდაჭერა გააძლიეროს.

ამასთან, წერილის თანახმად, ქვეყნის MNNA სტატუსის მინიჭება გამოიწვევს იარაღის გადაცემის, ფინანსური დახმარებისა და ინფორმაციის გაზიარების გაადვილებას. ეს ასევე მხარდაჭერის მძლავრ სიგნალს გაუგზავნის როგორც კიევს, ასევე თბილისს.