ცნობილი ბრიტანული მუსიკალური ჯგუფი, Pink Floyd და მისი სოლისტი, დევიდ გილმორი, ციფრულ პლატფორმებზე რუსეთსა და ბელარუსში თავიანთ მუსიკას წაშლიან. გადაწყვეტილება, რომელიც სოციალურ მედიაში გაკეთებული განცხადებიდან შევიტყვეთ, მუსიკოსებმა რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და სრუმასშტაბიანი ომის დაწყების საპასუხოდ მიიღეს.
"რუსეთის უკრაინაში შეჭრას მსოფლიოსთან ერთად ვგმობთ და ამიტომ 1987 წლიდან დღემდე გაკეთებული Pink Floyd-ის ჩანაწერები და დევიდ გილმორის მთელი სოლო შემოქმედება რუსეთსა და ბელარუსში დღეიდან ყველა ციფრულ სტრიმინგ პლატფორმაზე წაიშლება".
ჯგუფის საერთო განცხადებასთან ერთად, რუსეთის აგრესია ღიად დაგმო გილმორმაც, რომელმაც აგრესორ ქვეყანას "ძმების დახოცვის" შეწყვეტისკენ მოუწოდა.
"ამ ომში გამარჯვებული არ იქნება", — განაცხადა ინგლისელმა მომღერალმა, — "ჩემი შვილის ცოლი უკრაინელია, ჩემს შვილიშვილებს კი უნდათ, თავიანთ მშვენიერ ქვეყანას ესტუმრონ. შეწყვიტეთ, სანამ ყველაფერი განადგურდა. პუტინი უნდა წავიდეს".
გილმორის ამ განცხადებას წინათ ალბათ თავისი კოლეგა და Pink Floyd-ის ყოფილი წევრი, როჯერ უოტერსი, ვერ დაეთანხმებოდა. მან ადრე ღიად დაუჭირა მხარი პუტინის პოლიტიკას და განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის "დემონიზაცია" სამწუხაროა. სხვა ბევრ განცხადებასთან ერთად უოტერსმა ისიც ჰკითხა ხალხს, "რუსებმა ცუდი რა გაგიკეთეს — თავიანთი 20 მილიონი მოქალაქის სიცოცხლის ფასად ფაშისტებისგან გაგათავისუფლესო". როგორც ჩანს, არც მსხვერპლში და არც "ფაშისტებისგან გათავისუფლებაში" მუსიკოსს საქართველოს და სხვა ბევრი ქვეყნის წილი არ ჩაუთვლია.
თუმცა, როგორც ჩანს, ამჯერად უოტერსმა პოზიცია ცოტათი მაინც შეიცვალა — რამდენიმე დღის წინ მან უკრაინელ ფანს ღია წერილი მისწერა და რუსეთის უკრაინაში შეჭრის დაგმობა სცადა.
"ჩემი აზრით, დანაშაულებრივი შეცდომაა, ბანდიტის საქციელი. ცეცხლი სასწრაფოდ უნდა შეწყდეს. სამწუხაროა, რომ დასავლეთის მთავრობები აღვივებენ ცეცხლს, რომელსაც თქვენი მშვენიერი ქვეყნის განადგურება შეუძლია".
სხვათა შორის, Pink Floyd-ისა და გილმორის გარდა რუსეთს ბევრმა სხვა მუსიკოსმაც გამოუცხადა სხვადასხვა ფორმით ბოიკოტი. ქვეყანაში დაგეგმილი კონცერტები გააუქმეს ნიკ ქეივმა, Green Day-მ და Placebo-მ. ამასთან, რუსეთი მოიხსნა ევროვიზიის სიმღერის კონკურსიდან — სავარაუდოდ, არა მხოლოდ წელს, რადგან ფესტივალის ორგანიზატორმა ევროპის მაუწყებელთა კავშირმა რუსული ტელეკომპანიები გააძევა.
რუსეთისკენ მიმართული პროტესტის ტალღა პუტინის პოლიტიკის აქტიურ და პასიურ მხარდამჭერ ხელოვანებსაც შეეხოთ. მსოფლიოს პრესტიჟული და წამყვანი მუსიკალური დაწესებულებებიდან დაითხოვეს ცნობილი დირიჟორი, ვალერი გერგიევი და სოპრანო ანა ნეტრებკო.
აღსანიშნავია, რომ პრემიუმ-პაკეტის სერვისი რუსეთში შეაჩერა ერთ-ერთმა უდიდესმა ციფრულმა სტრიმინგ პლატფორმამ, Spotify. ამით მან ავტომატურად დაკარგა 1,5 მილიონი გამომწერი, თუმცა, კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, ეს მათი შემოსავლის 1 პროცენტიც არ იყო.