"ქართული ოცნების" ხელისუფლება გაკოტრებული ხელისუფლებაა, ერთადერთი რაც შეუძლიათ, რაღაც ლეგენდის მოგონებაა, რომ ვიღაცას უნდა ომი, ამით ზაფრავენ საზოგადოებას, არავის არ უნდა საქართველოში ომი, არც ოპოზიციას, არც უსუფაშვილს, არცერთ გონიერ ადამიანს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც "ქართული ოცნების" წარმომადგენლების განცხადებებს გამოეხმაურა.
გოცირიძე განმარტავს, რომ "ქართული ოცნების" წარმომადგენლები კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზებით და თავიანთი დემაგოგიური განცხადებებით ცდილობენ ოპოზიციის დამცირებას და დადანაშაულებას.
"ყოველთვის ყველაფერს ამახინჯებენ, დემაგოგიურად ავრცელებენ, კონტექსტია მთავარი და არა სიტყვები, რომელსაც "ქართული ოცნების" ლიდერები დამახინჯებულად ახმოვანებენ. არცერთი სიტყვის არ მჯერა, რასაც "ქართული ოცნება" ამბობს. მთელი ამ დღეების განმავლობაში თავის მართლების რეჟიმში არიან, უამრავი შეცდომა დაუშვეს, რძე და ყველით დაწყებული, უამრავი სხვა ქმედებით დამთავრებული. ახლა არ იციან როგორ მოძებნონ თავის მართლების არგუმენტები. "ქართულ ოცნებას" სურს წარმოაჩინოს დემაგოგიურად და უნამუსოდ, რომ თურმე ესენი არიან ომის ამცილებელი ხალხი და ვიღაცას ოპოზიციიდან თურმე რუსეთთან ომი უნდა, ამ ნახევარ მილიონიანი ჯარის მქონე სახელმწიფოებთან, ეს ხომ სისულელეა!", - განაცხადა გოცირიძემ.
დეპუტატმა "ქართული ოცნების" „არგაღიზიანების პოლიტიკაზე“ ისაუბრა და განაცხადა, რომ მას შედეგი არ მოაქვს და ამის დასტურია თუნდაც, დონეცკის ე.წ. რესპუბლიკის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება, რასაც გოცირიძემ რუსეთის მიერ ხელისუფლებისთვის "ყბაში გალაწუნება უწოდა".
გოცირიძე მიიჩნევს, რომ არგაღიზიანების პოლიტიკას არათუ დადებითი შედეგი არ მოაქვს, არამედ უარყოფითი შედეგი აქვს ქვეყნისთვის, რომელიც კარგავს კიდევ უფრო მეტ ტერიტორიას და საერთაშორისო მხარდაჭერას.
"მათი არგაღიზიანების პოლიტიკა საქართველოსთვის საზიანოდ დამთავრდა. მცოცავი ოკუპაციის წაყრუებით საქართველომ ცხინვალისა და სოხუმის სიდიდის ტერიტორიები დაკარგა. ნაცვლად იმისა, რომ მსოფლიო იზოლაციაში მყოფი ქვეყანა ელემენტარულ კეთილგონიერებას იჩენდეს, დონეცკის ე.წ. რესპუბლიკამ გუშინ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა. ქართული ხელისუფლება რძეს და მაწონს მიაწვდის, თავჩაღუნული მართლაც ჩირგვებში ზის, არ ვაღიზიანებთ, მაგრამ თვითონ რატომ გვაღიზიანებენ? გაგანია ომში მყოფმა აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა, ეს ხომ ქართული ხელისუფლებისთვის ყბაში გალაწუნებაა? რატომ მოხდა ეს დღეს და არა ერთი თვის შემდეგ ან ერთი თვის წინ? იმიტომ რომ ეს არის სიგნალი, რომ არავინ საქართველოს ხელისუფლებას არაფრად აგდებს", - განაცხადა გოცირიძემ.