ეს არის გაგრძელება იმ პროცესის, რომელიც საქართველოს საერთაშორისო დონეზე წარმოაჩენს, როგორც ქვეყანას, სადაც განხორციელდა რუსეთის მხრიდან საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევით სამხედრო აგრესია, რასაც არაერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, სადაც ადგილი ჰქონდა ეთნიკურ წმენდას, ადამიანების წამებას, არაადამიანურ მოპყრობას, სადაც ნათლად არის გამოჩენილი, რომ რუსეთი არის ოკუპანტი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ „ქრონიკასთან“ განაცხადა ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილების კომენტირებისას. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ისტორიულად მნიშვნელოვანია.
„ეს გადაწყვეტილება არის ისტორიულად მნიშვნელოვანი, სტრასბურგის ადამიანთან ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, რომელიც 2021 წლის იანვარში გაცხადდა და სადაც თეთრზე შავით დაიწერა, რომ რუსეთი არის აგრესორი და რუსეთმა დაარღვია საქართველოს წინააღმდეგ ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი, ახლა ჩვენ ვხედავთ ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო ინსტიტუციის გადაწყვეტილებას - ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალის გადაწყვეტილებას, რომლის პროკურორმაც უკვე გააკეთა შესაბამისი მიმართვა სამი მაღალჩინოსანი ოსის დაკავებასთან დაკავშირებით. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ეს არის გაგრძელება იმ პროცესის, რომელიც საქართველოს საერთაშორისო დონეზე წარმოაჩენს, როგორც ქვეყანას, სადაც განხორციელდა რუსეთის მხრიდან საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევით სამხედრო აგრესია, რასაც არაერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, სადაც ადგილი ჰქონდა ეთნიკურ წმენდას, ადამიანების წამებას, არაადამიანურ მოპყრობას, სადაც ნათლად არის გამოჩენილი, რომ რუსეთი არის ოკუპანტი. ეს არის დასაწყისი.
ჩვენი ხელისუფლების პირობებში ჩვენ შევძელით ძალიან ბევრი მტკიცებულების შეგროვება, როგორც სტრასბურგის სასამართლოსთვის, ასევე ჰააგის სასამართლოსთვის. ამ მტკიცებულებების ნაწილი, სამწუხაროდ გადამალული იყო, ზოგიერთი საერთოდ უყურადღებოდ სადღაც მიგდებული იყო და ჩვენმა ხელისუფლებამ შეძლო, თავი მოეყარა იმ მტკიცებულებებისთვის, რომლის საფუძველზეც ვნახეთ სტრასბურგის შარშანდელი გადაწყვეტილება საქმეზე საქართველო რუსეთის წინააღმდეგ და ახლა ვხედავთ ამ პროცესის გაგრძელებას. სწორედ სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე დაფუძნებით გაეროს და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ფორმატში არაერთი რეზოლუცია იყო მიღებული, სადაც სწორედ ამ გადაწყვეტილებაზე იყო რეფერირება გაკეთებული, რომ საქართველოში რუსეთმა დაარღვია ევროპული კონვენციის ძალიან ბევრი მუხლი და რუსეთი არის აგრესორი და რუსეთი არის ოკუპანტი, რომელიც განაგრძობს ამ რეჟიმს. ჰააგის სასამართლოში პროკურორის მიღებული გადაწყვეტილება ამ მიმართულების გაგრძელებაა და ჩვენ უახლოეს პერიოდში უნდა ველოდოთ კონკრეტული თანამდებობის პირების, როგორც დე ფაქტო ხელისუფლების, ასევე, სავარაუდოდ რუსეთის მაღალჩინოსნებთან მიმართებაში, რომ შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე იქნება მსგავსი გადაწყვეტილებები მიღებული“, - განაცხადა მიქანაძემ.
ამასთან, გივი მიქანაძის თქმით, მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს, რომ გასულ კვირას 38 სახელმწიფომ, მათ შორის საქართველომ, ჰააგის სასამართლოს მიმართა, რომ დაიწყოს გამოძიება უკრაინაში რუსეთის დანაშაულებრივ ქმედებებზე.
„38 სახელმწიფოში, რომელმაც გასულ კვირას მიმართა ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს, რომ დაიწყოს გამოძიება უკრაინის ტერიტორიაზე ომის პირობებში ჩადენილ დანაშაულებთან მიმართებით, საქართველოც არის. ჩვენ მტკიცედ და მყარად გამოვხატავთ კიდევ ერთხელ საერთაშორისო ფორმატში ჩვენს პოლიტიკურ მხარდაჭერას მეგობარი უკრაინელი ხალხის მიმართ“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.
საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ჰააგის სასამართლოს მიერ, ოკუპირებული ცხინვალის სამ „მაღალჩინსანზე“ დაკავების ორდერის გაცემასთან დაკავშირები ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა.