ბენედიქტ კამბერბეჩმა ჯილდოს მიღებისას უკრაინის დროშა გაშალა

ბენედიქტ კამბერბეჩმა ჯილდოს მიღებისას უკრაინის დროშა გაშალა

2 მარტს სანტა ბარბარას 37-ე საერთაშორისო კინოფესტივალი დაიწყო, რომელიც 12 მარტამდე გრძელდება. ფესტივალზე სხვა ვარსკვლავებთან ერთად ბენედიქტ კამბერბეჩიც გამოჩნდა, რომელმაც ერთ-ერთი მთავარი ჯილდო (Cinema Vanguard Award) მიიღო. თუმცა ჯილდოს მოპოვების გარდა მსახიობმა საზოგადოებას თავი კიდევ ერთი დეტალით დაამახსოვრა — ცერემონიის დროს მან უკრაინის დროშა გაშალა.

ვიდეოში ჩანს, რომ ბენედიქტს დროშა მაყურებელთა რიგიდან მიაწოდეს და მანაც უკრაინისადმი მხარდაჭერა ამაყად გამოხატა, შემდეგ კი დროშა მის მფლობელს დაუბრუნა.

აღსანიშმავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ბენედიქტმა უკრაინას მხარი საჯაროდ დაუჭირა. ცოტა ხნის წინ მას ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს. მსახიობმა ამ მნიშვნელოვანი დღისთვის სიტყვა მოამზადა და უკრაინაზეც ისაუბრა.

"ჩემი ცხოვრების ამ საოცარი მომენტში არ შემიძლია, ეს გამორჩეული შესაძლებლობა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე საუბარს არ დავუთმო და ჩემი მხარდაჭერა არ გამოვუცხადო უკრაინელ ხალხსა და რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც კლეპტოკრატიასა და საკუთარი მმართველების იდიოტიზმსა და ამ სისასტიკის შეუჩერებლობას ეწინააღმდეგებიან. ახლა ფიქრსა და ლოცვაზე მეტი უნდა გავაკეთოთ — უნდა ვიმოქმედოთ, შევიდეთ საელჩოების ვებგვერდებზე და გავიგოთ, რისი გაკეთება შეგვიძლია, როგორც მსოფლიოსა და ევროპის მოქალაქეებსა და ადამიანებს, რომლებსაც უკეთესი მომავალი გვინდა ამ საშინელ მდგომარეობაში მყოფი ხალხისთვის, მათი შვილებისა და ოჯახებისთვის, რომლებიც ქალაქებში ბომბების წვიმისგან გადარჩენას ცდილობენ", — განაცხადა ბენედიქტ კამბერბეჩმა.

ბენედიქტმა გულშემატკივრებსა და საზოგადოებას სთხოვა, აქტიურ მოქმედებაზე გადასულიყვნენ და შესაბამის ორგანიზაციებსა და ლტოლვილებს დახმარებოდნენ. მსახიობმა ხალხს ურჩია, პოლიტიკოსების, ბანკებისა და სხვადასხვა სფეროების წარმომადგენლებისთვის მოქმედებისკენ მოუწოდებინათ.