სასამართლომ გაუპატიურების საქმის გამოძიების შეწყვეტაზე ჟერარ დეპარდიეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა

სასამართლომ გაუპატიურების საქმის გამოძიების შეწყვეტაზე ჟერარ დეპარდიეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა

ცნობილი ფრანგი მსახიობის, ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ გამოძიება გაუპატიურების მუხლით გრძელდება. 2021 წლის მაისში მსახიობმა საფრანგეთის სასამართლოს გამოძიების შეწყვეტის მოთხოვნით მიმართა, თუმცა უშედეგოდ — სასამართლოს 10 მარტის გადაწყვეტილებით მსახიობის წინააღმდეგ გამოძიება გრძელდება.

ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ გაუპატიურებისა და სექსუალური ძალადობის ბრალდებით გამოძიება ჯერ კიდევ 2018 წელს დაიწყო, თუმცა 2019 წელს ის მტკიცებულებათა ნაკლებობის გამო შეწყდა. გამოძიება 2020 წელს კვლავ განახლდა.

"პარიზის სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ ამ ეტაპზე ჯერ კიდევ რჩება უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც ამართლებს ჟერარ დეპარდიეს მიმართ გამოძიების გაგრძელებას", — აცხადებს ბრალდების მხარე.

მსახიობმა სავარაუდო დანაშაული 2018 წელს ჩაიდინა. დაზარალებულმა ქალმა თავდაპირველად ანონიმურობა არჩია, თუმცა მოგვიანებით საზოგადოებას საკუთარი ვინაობა გაუმხილა. მსახიობმა შარლოტ არნოლდმა განაცხადა, რომ 2018 წლის აგვისტოში დეპარდიემ ორჯერ გააუპატიურა.

ჯერჯერობით საქმე გამოძიების ეტაპზეა. გადაინაცვლებს თუ არა საქმე სასამართლოში განხილვის ეტაპზე, ჯერჯერობით უცნობია. 2020 წელს გამოძიების განახლების დროს მსახიობმა ყველა ბრალი უარყო.