ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელებში The Simpsons ისევ პოპულარული გახდა. ამის მიზეზი კი ის არის, რომ სოციალური ქსელების მომხმარებლების აზრით, სიმპსონებმა უკრაინელ ლტოლვილთა კრიზისი ჯერ კიდევ 2011 წელს იწინასწარმეტყველა.
ანიმაციური სერიალის ფანების აზრით, 23-ე სეზონის ერთ-ერთ ეპიზოდში, სახელად The Falcon and the D'Ohman, ორ მომენტს ვხედავთ, რომლებიც უკრაინის ჰუმანიტარულ კრიზისზე მიგვანიშნებს.
აღნიშნული ეპიზოდიდან ტვიტერის ერთ-ერთი მომხმარებელი ორ ფოტოს აზიარებს. ერთ ფოტოზე ჩანს, რომ ქალაქ სპრინგფილდის ერთ-ერთ უბანს "პატარა უკრაინა" ჰქვია. მეორე ფოტოზე კი ატომური ბომბის პოსტერს ვხედავთ, წარწერით "ნუ გააკეთებ ამას".
ეპიზოდის მოკლე შინაარსი ასეთია: ჰომერი ცდილობს, რომ ატომური ელექტროსადგურის დაცვის თანამშრომელს დაუმეგობრდეს. თუმცა გაურკვეველი მიზეზის გამო დაცვის თანამშრომელი ჰომერით არ არის დაინტერესებული და თავისი წარსულიდან მუდმივად იხსენებს იმ ძალადობრივ პერიოდს, როცა მთავრობის აგენტად მუშაობდა.
ეს ყველაფერი რომ უკრაინის დღევანდელ მდგომარეობასთან დავაკავშიროთ, ოფიციალური პირების განცხადებების მიხედვით, უკრაინელ ლტოლვილთა კრიზისი მართლად მოსალოდნელია. "თუ უკრაინაში ყველაფერი ასე გაგრძელდა, ევროპაში მალე საუკუნის ყველაზე დიდი ლტოლვილთა კრიზისი დაიწყება", — ამბობს გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს წარმომადგენელი.
ამასთანავე, ვლადიმერ პუტინს სტრატეგიული ბირთვული იარაღები მუდმივ მზადყოფნაში აქვს. ეს ყველაფერი კი იმის შიშს აჩენს, რომ კონფლიქტში ბირთვული იარაღიც შეიძლება გამოიყენონ.
უნდა აღინიშნოს, რომ სიმპსონებმა მსოფლიოს მნიშვნელოვანი მოვლენები არაერთხელ იწინასწარმეტყველა. მაგალითად, ანიმაციურ სერიალში რეალურ მოვლენებამდე რამდენიმე წლით ადრე ვიხილეთ დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევა, Super Bowl-ის შედეგები და ებოლას ეპიდემიური აფეთქება.
კიდევ ერთ ეპიზოდს, რომელსაც ბოლო პერიოდში განიხილავენ, Simpson Tide ჰქვია. ეპიზოდში ჰომერ სიმპსონი აშშ-ს საზღვაო ფლოტს უერთდება. წყალქვეშა ნავში კაპიტანი შემთხვევით გაისვრის, რის გამოც ჰომერი რუსეთის წყლებში აღმოჩნდება. ამ ყველაფერს კი ისეთ სცენარამდე მივყავართ, რომელშიც საბჭოთა კავშირი ისევ არსებობს, ბერლინის კედელი თავის ადგილზე ბრუნდება, ლენინი კი მუშტებით კუბოს ანგრევს და ცოცხლდება.
"სამწუხაროა იმის თქმა, რომ მსგავსი პროგნოზის გაკეთება რთული არ იყო. 1961 წელს საბჭოთა კავშირში დავიბადე და 30 წელი მისი აჩრდილის გვერდით ვცხოვრობდი. სამწუხაროდ, ჩემთვის დღეს მიმდინარე მოვლენები უფრო ნორმა იყო, ვიდრე პროგნოზი. ჩვენ უბრალოდ მივხვდით, რომ ყველაფერი ცუდად იქნებოდა. ისტორიული აგრესია არასდროს ქრება და ძალიან ფხიზლად უნდა ვიყოთ", — ამბობს სიმპსონების პროდიუსერი.
"1998 წელს, როცა ეს ეპიზოდი ტელეეკრანებზე გავიდა, აშშ-სა და რუსეთის დიპლომატიური ურთიერთობების ზენიტი იყო. მაგრამ მას შემდეგ, რაც რუსეთი პრეზიდენტი პუტინი გახდა, მან ყველას დაუმტკიცა, რომ ცუდი ბიჭია და ცუდი რამე უნდა მომხდარიყო", — დასძინა მან.