მარია შარაპოვა უკრაინას სოლიდარობას უცხადებს და ომის შედეგად დაზარალებულ ბავშვებს ფინანსურად ეხმარება. უნდა აღინიშნოს, რომ ჩოგბურთის თითქმის ყველა წარმომადგენელი უკრაინას უჭერს მხარს და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულს სანქციებს ეთანხმება.
გასაკვირი სულაც არ არის, რომ შარაპოვას სახით ერთ-ერთი ცნობილი რუსი ვარსკვლავი ომს აპროტესტებს. ბოლო პერიოდში რუსი ვარსკვლავების ნაწილი უკრაინას სოლიდარობას უცხადებს და თავის ქვეყანას ომის დასრულებისკენ მოუწოდებს.
"რაც მეტი დღე გადის, უფრო და უფრო მტკივა გული და ვწუხვარ უკრაინის კრიზისის შედეგად დაზარალებული ოჯახებისა და ბავშვების გამო", — წერს შარაპოვა ინსტაგრამზე. მარია შარაპოვა ორგანიზაცია Save the Children-ს ეხმარება, რომელიც ომის შედეგად დაზარალებულ ბავშვებზე ზრუნავს.
"მე ფინანსურად ვეხმარები Save the Children-ს, რომელიც დაუღალავად მუშაობს, რათა ომის გამო დაზარალებულ ბავშვებს საკვები და წყალი მიაწოდოს. გთხოვთ, შემომიერთდეთ და ბავშვებს დაეხმაროთ. მშვიდობისთვის ვლოცულობ და ყველა დაზარალებულს მხარდაჭერას ვუცხადებ", — ამბობს შარაპოვა.
ასე ეხმაურება ცნობილი რუსი ჩოგბურთელი უკრაინაში მიმდინარე ომს. უნდა აღინიშნოს, რომ სპორტსმენებიდან ამ ეტაპზე შარაპოვა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მდიდარი ადამიანია, რომელიც უკრაინას ფინანსურად ეხმარება.