არა, ლეონარდო დიკაპრიოს უკრაინის დასახმარებლად $10 მილიონი არ გადაურიცხავს

არა, ლეონარდო დიკაპრიოს უკრაინის დასახმარებლად $10 მილიონი არ გადაურიცხავს

24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ომი წამოიწყო, რომელიც დღემდე გრძელდება. უკრაინაზე თავდასხმას მსოფლიო ლიდერების გარდა ცნობილი ადამიანებიც გამოეხმაურნენ, რომლებიც უკრაინელ ხალხს ფინანსურადაც ეხმარებიან. უკვე რამდენიმე დღეა ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მათ შორის მსახიობი ლეონარდო დიკაპრიოცაა.

უცხოურ მედიაში რამდენიმე ცნობილმა გამოცემამ, მაგალითად, Entertainment Tonight-მა და The Independent-მა დაწერეს, რომ ლეონარდომ უკრაინის დასახმარებლად ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდში $10 მილიონი გადარიცხა. გამოცემებმა წყაროდ Polish News დაასახელეს.

ეს ამბავი ინტერნეტში ელვისებური სისწრაფით გავრცელდა ისე, რომ უამრავ ადამიანს მისი გადამოწმება აზრადაც არ მოსვლია. ამის ერთ-ერთი მიზეზი კი, სავარაუდოდ, ისაა, რომ ლეონარდო ქველმოქმედებით ცნობილი ვარსკვლავია, ამიტომ ისტორია საეჭვოდ და დაუჯერებლად ბევრს არ მოსჩვენებია. თანაც მედიებმა მიუთითეს, რომ დიკაპრიოს უკრაინული ფესვები აქვს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

აღნიშნულ დეზინფორმაციას თავად ვიშეგრადის ფონდის ოფიციალური ფეისბუქგვერდი გამოეხმაურა. ფონდმა ფეისბუქზე ყალბ ამბებთან ბრძოლის მნიშვნელობაზე დაწერა და ლეონარდო დიკაპრიოს სახელის მიუთითებლად აღნიშნულ ამბავსაც შეეხო:

"დღეს ყალბი ამბები ყველანაირი ფორმით გვხვდება. მაგალითად, ზოგიერთმა მედიამ ინფორმაცია გაავრცელა, თითქოს ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდმა განაცხადა, რომ ცნობილმა ამერიკელმა მსახიობმა უკრაინის დასახმარებლად $10 მილიონი გადმოგვირიცხა. გთხოვთ, დააკვირდით წყაროებს, სანდო ჟურნალისტები და მედიები გამოიწერეთ და არ გაავრცელოთ ყალბი ამბები", — ვკითხულობთ განცხადებაში.

ამ განცხადების შემდეგ ვიშეგრადის ფონდს ცნობილი გამოცემები Insider, People და Vanity Fair დაუკავშირდნენ.

"ჩვენ არ ვფლობთ ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს ლეონარდო დიკაპრიომ უკრაინის დასახმარებლად $10 მილიონი გადმოგვირიცხა. ასეთი ინფორმაცია ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდს არ გაუკეთებია", — უთხრეს Insider-ს ფონდის წარმომადგენლებმა.

საერთაშორისო გამოცემების, People-ისა და Vanity Fair-ის ინფორმაციით, მედიები ლეონარდოსთან დაახლოებულ წყაროს გაესაუბრნენ, რომელმაც დაადასტურა, რომ მსახიობს ვიშეგრადის ფონდში $10 მილიონი არ გადაურიცხავს, თუმცა რამდენიმე ორგანიზაციას, რომელიც თანხას უკრაინელებისთვის აგროვებს, ნამდვილად დაეხმარა. ამასთან, ცნობილი არაა, კონკრეტულად რა რაოდენობის თანხა გაიღო მსახიობმა.

"ლეონარდომ საიდუმლოდ ფული რამდენიმე ჰუმანიტარულ ორგანიზაციას გადაურიცხა, ესენია: CARE, IRC, UNHCR და Save the Children. ყველა უკრაინასთანაა დაკავშირებული. ის მიმდინარე მოვლენებს თვალს ადევნებს და უნდოდა, უკრაინას მაქსიმალურად დახმარებოდა. ის იმ ორგანიზაციების მხარდაჭერას გააგრძელებს, რომლებიც უკრაინელ ხალხს ეხმარებიან", — აცხადებს მსახიობთან დაახლოებული პირი.

აღსანიშნავია, რომ ლეონარდო დიკაპრიო პუტინის მიმართ კეთილგანწყობილად ითვლება. მაგალითად, ცოტა ხნის წინ გამოცემა The Guardian-მა იმ ვარსკვლავების სია გამოაქვეყნა, რომლებსაც პუტინთან კარგი დამოკიდებულება აქვთ ან ჰქონდათ და მათ შორის ლეონარდოც მოხვდა. გამოცემამ ინფორმაციას 2010 წელს გადაღებული მათი საერთო ფოტოც დაურთო.

სხვა ვარსკვლავებს შორის, რომლებიც უკრაინას მხარს ღიად უჭერენ და ფინანსურადაც ეხმარებიან მილა კუნისი და ეშტონ კაჩერიც არიან, რომლებმაც ცოტა ხნის წინ დააანონსეს, რომ უკრაინის დასახმარებლად $30 მილიონს აგროვებენ, ამ თანხას კი თავად $3 მილიონს დაუმატებენ.