ვახტანგ გომელაური: საზღვარი ძალიან მაღალ დონეზე კონტროლდება

ვახტანგ გომელაური: საზღვარი ძალიან მაღალ დონეზე კონტროლდება

„საზღვარი ძალიან მაღალ დონეზე კონტროლდება - უსაფრთხოების სამსახურთან ერთად, მაქსიმალური აქცენტი გვაქვს უსაფრთხოებაზე, როგორც მწვანე საზღვარზე, ისე - გამშვებ პუნქტებზე. იყო ძალიან ხშირი საუბარი, თითქოსდა, უპრეცედენტოდ მოიმატა რუსეთის მოქალაქეების შემოსვლამ საქართველოში, ეს არ არის მართალი“, - განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას, ნდობის ჯგუფთან შეხვედრის შემდეგ.

მისი თქმით, 2019 წელთან შედარებით, რუსეთიდან შემოსული ადამიანების რაოდენობა შემცირებულია. მან 2019, 2021 და 2022 წლის 24 თებერვლიდან 8 მარტამდე პერიოდების მონაცემები შეადარა ერთმანეთს.

„2020 წელს მთლიანად დაკეტილი იყო. 2019-სა და 2021-ს თუ შევადარებთ, იმაზე ნაკლებია შემოსული, ვიდრე იქამდე შემოდიოდა. ომის დაწყებიდან, 24-დან დღემდე, 13 დღის განმავლობაში, არის 20 000 ადამიანზე ოდნავ მეტი შემოსული, როცა, მაგალითად, 2019 წელს, 40 000 იყო შემოსული. ძალიან ბევრი შემოდის თურქეთიდან, ჩრდილოეთ კავკასიის მოსახლეობა - ჩეჩნები, დაღესტნელები, ინგუშები, რომლებიც, გაჩერებული ფრენების გამო, ჩარჩნენ და ვეღარ გადაფრინდნენ თავიანთ ქვეყნებში. უმეტეს შემთხვევაში, არიან ქალები და ბავშვები, რომლებიც სტამბულში, ანკარაში, ავტობუსებს ქირაობენ, ოჯახებით მოდიან და პირდაპირ გადიან ლარსიდან. რა თქმა უნდა, ამ ხალხის შემოსვლაც რუსეთის მოქალაქეების შემოსვლად ითვლება, თუმცა, ტოვებენ ქვეყანას და გადიან. ნახევარიც არ რჩება. თუ არ ვცდები, 3 000 ადამიანია, რომელიც შემოვიდა და ჯერ არ გასულა“, - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.