პეტრე მამრაძემ უკრაინა-რუსეთის ომის ფონზე საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები განიხილა. ამ თემაზე „მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა.
„მადლობა ღმერთს, მთავრობას ჯერ შეცდომა არ დაუშვია და მინდა ყველას შევახსენო, რომ საქართველოს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ხმა მისცა რუსეთის ქმედების დაგმობას და ეს საბჭოთა კავშირის ყოფილი ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნებს თუ არ ჩავთვლით, გააკეთეს მხოლოდ საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ. სომხეთმა თავი შეიკავა, აზერბაიჯანმა საერთოდ არ მიიღო მონაწილეობა, ცენტრალური აზიის ყველა ქვეყანამ ან თავი შეიკავა, ან არ მიიღო მონაწილეობა. ჩვენ მივეცით ხმა იმას, რომ რუსეთს ევროპის საბჭოში წევრობა შეუჩერდა“, - განაცხადა მამრაძემ.
მან საერთაშორისო არენაზე საქართველოს ქმედებები 2008 წლის ომის შემდეგ გადადგმულ ნაბიჯებს შეადარა.
„როდესაც ФСБ-ს, პუტინის, სააკაშვილისა და მისი თანამზრახველების საერთო ოპერაცია ჩატარდა 2008 წელს, 7-8 აგვისტოს, ამის შემდეგ ევროპის საბჭომ მიიღო რეზოლუცია, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ სააკაშვილის მიერ გაცემული ბრძანების, დაბომბვის შემდეგ დაიწყო სამხედრო ესკალაცია და რუსეთი იძულებული იყო გადასულიყო კონტრიერიშზე. სააკაშვილის თანამზრახველებმა, ვინც ახლა [პროტესტით] გამოდის, ხმა მისცეს ამ რეზოლუციას, ფეხზე დადგომით და ტაშით“, - აღნიშნა მამრაძემ.