უნდა გვახსოვდეს, რომ ბოროტმოქმედი არის პრეზიდენტი პუტინი და პრეზიდენტი ზელენსკი მართალია, რუსული ნავთობის ყოველი მოხმარებული წვეთი უკრაინული სისხლის კიდევ ერთი დაღვრილი წვეთია, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ვიქტორია ნულანდმა განაცხადა, რითაც ის გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებას რუსული ნავთობის, გაზისა და ქვანახშირის იმპორტის აკრძალვის შესახებ.
ვიქტორია ნულანდის თქმით, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მიზანი რუსეთის პრეზიდენტზე, ვლადიმერ პუტინზე პირდაპირი ზემოქმედების მოხდენაა.
"ახლა ჩვენ უნდა დავსაჯოთ ის. და სამწუხაროდ, ჩვენ უნდა ვაგრძნობინოთ რუს ხალხსაც, რაც მან გააკეთა გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის. უპირველესი მიზანი იმის უზრუნველყოფაა, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში, საშუალოვადიან პერსპექტივაში, იდეალურ შემთხვევაში კი, მოკლევადიან პერსპექტივაში, ეს იყოს სტრატეგიული ზარალი პრეზიდენტ პუტინისთვის,”- აღნიშნა ვიქტორია ნულანდმა.
მან იმ დანაკარგებზე ისაუბრა, რასაც პუტინის უკრაინაში ომის გამო განიცდის.
„ის კარგავს ტანკებსა და თვითმფრინავებს. მისი ათასობით ჯარისკაცი იღუპება და მათ მიცვალებულების ტომრებით დააბრუნებენ შინ. ახლა მას ჰყავს მოქალაქეები, რომლებსაც არ აქვთ წვდომა თავისუფალ პრესაზე, ბანკომატებზე ან დასავლურ ტექნოლოგიებზე. მასზე ზეწოლა იზრდება და ადრე თუ გვიან, ის გაიღვიძებს ან რუსი ხალხი გაიღვიძებს. სამწუხაროდ, იქამდე მისვლა შეიძლება ხანგრძლივი და რთული იყოს და ვფიქრობ, ყველა ჩვენთაგანი დიდ ვალში ვართ უკრაინელი ხალხის წინაშე. რადგან სწორედ ისინი სწირავენ თავს არა მხოლოდ საკუთარი, არამედ ყველა ჩვენგანის დემოკრატიისთვის,“ - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ.