ამერიკელი სენატორების ორპარტიულმა ჯგუფმა წარადგინა კანონპროექტი, რომელმაც შესაძლოა რუსეთის მიერ ოქროს რეზერვების გამოყენება დაბლოკოს. ამის შესახებ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით გამოცემა Axios-ი წერს.
რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულმა სანქციებმა ქვეყნის სავალუტო რეზერვები გაყინა, თუმცა ოქროს რეზერვები შესაძლოა რუსეთისთვის პოტენციურ მაშველ რგოლად იქცეს. რუსეთის ოქროს რეზერვების ღირებულება დაახლოებით 132 მილიარდი დოლარია.
კანონპროექტის ავტორები დამოუკიდებელი სენატორი ანგუს კინგი, რესპუბლიკელები ჯონ კორნინი და ბილ ჰაგერტი და დემოკრატი მეგი ჰასანი არიან.
კანონპროექტით გათვალისწინებული სანქციები შეეხება ამერიკულ ორგანიზაციებს, რომლებიც ახორციელებენ ოპერაციებს რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივებში არსებული ოქროთი, ან ყიდიან ოქროს რუსეთში.
გამოცემა Axios-ი აღნიშნავს, რომ 2014 წლიდან, როცა რუსეთს ყირიმის ანექსიისთვის ამერიკამ სანქციები დაუწესა, ოფიციალურმა მოსკოვმა ოქროს შესყიდვის ტემპები გაზარდა.