მოთხოვნები, რაც რუსეთს აქვს წაყენებული ფაქტობრივად ჩიხური, მიუღებელი მოთხოვნებია. გაუჭირდება უკრაინის ხელისუფლებას რომ მიიღონ ეს ულტიმატუმები. სასწორის მეორე მხარეს დევს საომარი მოქმედებების გაგრძელება, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა სამხედრო საკითხებში ამირან სალუქვაძემ „ქრონიკას“ განუცხადა. ამასთან სალუქვაძე გამოეხმაურა უკრაინის საჰაერო სივრცის დახურვის საკითხს, ასევე პოლონეთის მიერ უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემის თემას.
„რაც შეეხება საჰაერო სივრცის დახურვას, რისკი უზარმაზარია. ვინმე ფიქრობს რომ პუტინის მზადყოფნა შეამოწმოს გამოიყენებს თუ არა ბირთვულ იარაღს ნატოსთან დაპირისპირების შემთხვევაში? რა სისულელეა.
რაც შეეხება პოლონეთიდან უკრაინაში ფრენებს, შეეკითხონ ჯერ სპეციალისტებს, სამხედრო მფრინავებს და მერე გააკეთონ განცხადებები. МиГ-29-ებს აქვს საბრძოლო მოქმედების რადიუსი და ეს რადიუსი არც 1000 და არც 2000 კილომეტრი არ არის. როგორ წარმოუდგენიათ, აფრინდება პოლონეთიდან იფრენს კიევამდე ან დონეცკამდე... შემდეგ იქ ხომ საჰაერო ბრძოლები უნდა აწარმოოს და საწვავი უნდა დარჩეს უკან პოლონეთში მისაფრენად. რაღაც ბავშვური განცხადებები კეთდება სახელმწიფოების დონეზე და ამას სერიოზულად განიხილავენ. რისი ახსნაც მიწევს ესაა სამხედრო სასწავლებლის მესამე მეოთხე კურსის თემატიკა. ამის გაგება რთულია მაყურებლისთვის. შეუძლებელია პოლონეთიდან უკრაინის შუაგულში და აღმოსავლეთში ავიაციამ შეასრულოს საბრძოლო მოქმედებები და დაბრუნდეს უკან. ეს ერთი მხარე მედლის. მეორე მხარეა დაპირისპირება, რაზეც განაცხადა რუსეთმა, რომ ნებისმიერ სახელმწიფოს აღიქვამს მტრად, რომელიც დაეხმარება უკრაინას. განსაკუთრებით ავიაციის მიწოდებაზე ჰქონდა მინიშნება. მე ასე გავიგე, რომ პოლონეთმა უკრაინის დახმარების კონტექსტში უარი უნდა თქვას ნატოს მეხუთე მუხლზე და თუ რუსეთი განახორციელებს იერიშებს პოლონეთის მიმართულებით, მაშინ პოლონეთს მარტო მოუწევს დაპირისპირება უკრაინასთან ერთად. თუ ეს ასეა, ასეც უნდა ითქვას. მხარში დადგომა ნიშნავს რას: თუ პოლონეთიდან აფრინდება სამხედრო თვითმფრინავი, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ავიაციის წინააღმდეგ იმოქმედებს, სამხედრო ენაზე, ასე აღვიქვამთ ჩვენ სამხედროები, რომ რუსეთი განახორციელებს საპასუხო დარტყმებს აეროდრომებზე. ეს უკვე ნიშნავს ნატოსთან საომარ მოქმედებებში შესვლას. ორი ვარიანტია - ან მუშაობს მეხუთე მუხლი პოლონეთისთვის, თუ პოლონეთი გამოიყენებს ავიაციას, მნიშვნელობა არ აქვს ის უკრაინელი მფრინავები დასხდებიან თუ პოლონელები ამ თვითმფრინავებზე, რუსეთი მას უპასუხებს. ან მეორე ვარიანტია, მეხუთე მუხლი დროებით არ იმუშავებს, ამ შემთხვევაში პოლონეთი მარტო, თუნდაც უკრაინასთან ერთად არ მოისურვებს რუსეთთან დაპირისპირებას“, - განაცხადა ანალიტიკოსმა.