პაპმა ფრანცისკემ გასულ კვირას რუსეთის უკრაინაში შეჭრის შესახებ ისაუბრა და ითხოვა, რომ ბრძოლა მალე შეწყდეს, რადგან ქვეყანაში "სისხლისა და ცრემლების მდინარეები" მიედინება.
ვლადიმერ პუტინმა 24 თებერვლის დილას განაცხადა, რომ უკრაინაში "სპეციალურ სამხედრო ოპერაციას" იწყებდა და რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. შეგახსენებთ, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან უკვე 10 დღეზე მეტი გავიდა და უამრავ ადამიანს ქვეყნის დატოვება მოუწია. გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს ცნობით, უკრაინა უკვე 1,5 მილიონმა ადამიანმა დატოვა.
"ეს არ არის მხოლოდ სამხედრო ოპერაცია, ეს ომია, რომელსაც სიკვდილი, ნგრევა და ტანჯვა მოჰყვება. მსხვერპლთა რიცხვი იზრდება, უკრაინას უამრავი ადამიანი ტოვებს, მათ შორის დედები და ბავშვები", — განაცხადა პაპმა ფრანცისკემ.
თავის მიმართვაში პაპმა დიპლომატიური მოლაპარაკებების დაწყება ითხოვა და დასძინა, რომ "საღი აზრის გამარჯვების" იმედი აქვს. პაპმა ისიც აღნიშნა, რომ ორი კარდინალი უკრაინაში უკვე გაემგზავრა, რათა ომისგან დაზარალებულებს დაეხმარონ.
"ომი სიგიჟეა, გთხოვთ, შეაჩერეთ! შეხედეთ ამ სისასტიკეს" — დასძინა გამოსვლის ბოლოს პაპმა ფრანცისკემ.