დამოუკიდებელი კინოხელოვანებისთვის შექმნილი ამერიკული ჯილდო Independent Spirit Awards ფინალურ ცერემონიაზე რუსეთის უკრაინაში შეჭრას გამოეხმაურა.
შოუს მსახიობები, ნიკ ოფერმანი და მეგან მალალი, უძღვებოდნენ. პირველი სარეკლამო ჭრის შემდეგ კინოვარსკვლავებმა თავიანთი სიტყვით უკრაინაში მცხოვრებ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადეს და პუტინსაც კი მიმართეს.
"სანამ გავაგრძელებთ, გვსურს, უკრაინაში მიმდინარე ომითა და მთელ მსოფლიოში გაუმართლებელი კონფლიქტით დაზარალებულებს თანადგომა გამოვუცხადოთ", — განაცხადა ოფერმანმა.
"მგონი, აქ მყოფი ყველა ადამიანის სახელით ვლაპარაკობთ, როცა იმედს გამოვთქვამთ, რომ ყველაფერი მალე და მშვიდობიანად მოგვარდება", — სიტყვა ჩამოართვა მალალიმ, — "უფრო კონკრეტულად კი, პუტინ, გაა*ვი და შინ წადი".
"კი, ზუსტად ასეთ სწრაფ და მშვიდობიან გამოსავალზე ვსაუბრობთ", — დასძინა ოფერმანმა, — "რომ ვლადიმირ პუტინმა გაა*ვას და შინ წავიდეს. დასასრულს კი, მოდით, აქედან ყველა მივესალმოთ პუტინს".
და სწორედ ამ მომენტში, წამყვანების კვალდაკვალ, აუდიტორიაში მყოფმა ხალხმა შუა თითი ასწია. ზოგიერთი, მათ შორის, კრისტენ სტიუარტი, ეკრანზეც გამოჩნდა.
სტიუარტმა, რომელსაც დაჯილდოებაზე საპატიო თავჯდომარის როლიც ჰქონდა, თავის სიტყვაში ასევე გაამახვილა ყურადღება უკრაინაში არსებულ კრიზისზე. მან აღნიშნა, რომ Independent Spirit Awards გამოხატვის თავისუფლებას, დამოუკიდებლობასა და ჰუმანურობას უჭერს მხარს.
"დღეს ჩვენ გვიწევს, უკრაინელ ხალხს გვერდში დავუდგეთ. ისინი საკუთარი სიცოცხლის ფასად ცდილობენ, ეს ღირებულებები დაიცვან", — განაცხადა სტიუარტმა, როცა უკრაინის ფერებში განათებული ეკრანის წინ იდგა, — "ჩვენ გვერდში ვუდგავართ იმ ასობით ათას ლტოლვილს, ვინც ომს გაექცა — უკრაინელებსაც და სხვა ეროვნების ადამიანებსაც, ვისაც უსაფრთხო თავშესაფარზე უარს ეუბნებიან".
წამყვანებმა ასევე მოუწოდეს დამსწრეებს, უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად დონაცია გაეღოთ.
დაჯილდოებაზე, რომელიც წელს 37-ედ გაიმართა, პრიზები გასულ წელს გამოსულ ფილმებსა და სატელევიზიო სერიალებზე გაიცა. მათ შორის, აღსანიშნავია, რომ საუკეთესო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაში The Lost Daughter-მა გაიმარჯვა. ამავე ფილმის შემქმნელმა, მეგი ჯილენჰოლმა, მიიღო პრიზები საუკეთესო რეჟისურისა და საუკეთესო სცენარის კატეგორიებშიც.