ევროკავშირის საბჭომ განიხილა ასოცირებული ქვეყნების - უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას განაცხადები ევროკავშირის წევრობაზე. მიღებულია გადაწყვეტილება, რომ სამივე ქვეყნის განაცხადი, გადაეგზავნოს ევროკომისიას. აღნიშნული დადებითად შეაფასეს „ქართულ ოცნებაში“. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ საქართველო ევროპული ოჯახის წევრია და იმედოვნებენ, რომ ქვეყნის განაცხადი, ევროკავშირის წევრის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად, დადებითად გადაწყდება.
„ევროკავშირის ელჩების საბჭომ გადაგზავნა მიმართვა საქართველოს, უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად ევროკომისიაში, სადაც დაიწყება ჩვენი განაცხადის შეფასება. ეს კარგი ამბავია რადგან ევროკავშირმა ფაქტობრივად ოფიციალურად დაადასტურა ჩვენი განაცხადის მიღება და სამივე ქვეყნის განაცხადი ერთიანი პაკეტით იქნება განხილული“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ხელაშვილმა.