ივანე ჩხაიძის თქმით, საქართველოში პანდემიის მეექვსე ტალღა დაღმავალ მრუდზეა. იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი „ქრონიკასთან“ აღნიშნავს, რომ ინფიცირებულთა მაჩვენებელი ქვეყანაში სტაბილურად მცირდება.
„2 თებერვლის 26 ათასი ინფიცირებულიდან. ერთი თვის შემდეგ ეს მაჩვენებელი მკვეთრად შემცირებულია. ინფიცირებულთა რაოდენობა დამოკიდებული იქნება მხოლოდ და მხოლოდ ორ მაჩვენებელზე: რამდენად დავიცავთ ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებებს და რამდენად გვექნება მეტ-ნაკლებად სტაბილური ვაქცინაციის მაჩვენებელი“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 626 282 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 562 614 გარდაიცვალა 16 398 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.