ნიკიტა მიხალკოვზე ძებნა ცხადდება, ალა პუგაჩოვას ოჯახზე კი, ეჭვი აქვთ, რომ საცხოვრებლად საქართველოს აირჩევს

ნიკიტა მიხალკოვზე ძებნა ცხადდება, ალა პუგაჩოვას ოჯახზე კი, ეჭვი აქვთ, რომ საცხოვრებლად საქართველოს აირჩევს

უკრაინაში მიმდინარე სამამულო ომი კვლავ გრძელდება და უფრო ფართომასშტაბიან სახეს იღებს. რუსი აგრესორების წინააღმდეგ ბრძოლაში მთელი ქვეყანაა ჩართული. პრეზიდენტ ზელენსკის სამშობლო დანებებას არ აპირებს და მითს „უძლეველი“ რუსული ჯარის შესახებ მეთოდურად აქარწყლებს. ომის დაწყებიდან კვირაზე მეტია გასული. უკრაინა გონს მოეგო, ძალები აღიდგინა და ფრონტის ზოგ უბანზე კონტრშეტევითი მოქმედებებიც წამოიწყო.

ბოლო რამდენიმე დღეში ბრძოლის ცეცხლში გახვეულ ქვეყანაში მთელი მსოფლიოდან 16000 მოხალისე მეომარი ჩავიდა. უკრაინის დახმარება ისეთ შორეულ და ეგზოტიკურ ქვეყანასაც სურს როგორიც ნიგერიაა. ფრანგული მასმედიის მტკიცებით, ამ აფრიკული ქვეყნის დედაქალაქ ლაგოსში სამასამდე მოხალისე შეიკრიბა, რომლებსაც უკრაინაში გამგზავრება და რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა სურს.

ომის დაწყების პირველ დღეებში უკრაინელმა მამაკაცებმა საკუთარი ოჯახები უსაფრთხო ქვეყნებში გახიზნეს, შემდეგ უკლებლივ ყველა სამშობლოში დაბრუნდა და ხელი იარაღს მოკიდა. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მათი რიცხვი 66 ათას მებრძოლს აღწევს.

და რუსეთი? ტოლსტოისა და დოსტოევსკის ქვეყანა გაჩერებას არ აპირებს. უფრო მეტიც, უკრაინის ქალაქებზე შეტევითი ოპერაციების წარმართვისას ატომურ ელექტროსადგურებსაც არ ინდობს, არც მოსალოდნელ შედეგებზე ფიქრობს და არც იმაზე, რომ შეიძლება საკუთარ თავს წირვა გამოუტანოს. რადიაციამ მტერ-მოყვარის გარჩევა არ იცის. ზაპოროჟიესთან ახლოს მდებარე ატომური ელექტროსადგურის დაბომბვამ კინაღამ მსოფლიო კატასტროფა გამოიწვია. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს „გმირობა“ ე.წ. „კადიროველთა“ საბრძოლო ქვედანაყოფმა ჩაიდინა. ნაბრძანები ჰქონდათ ამ ობიექტის აღება, დაუშინეს ჭურვები, მოსალოდნელ ტრაგედიაზე არ უფიქრიათ - ბრძანებას ხომ ნებისმიერ ფასად შესრულება უნდა.

„2014 წლის სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, უკრაინა დაექვემდებარა ნაციონალისტური იდეოლოგიის გავლენას. ჩვენ გვინდა გავათავისუფლოთ იგი ამ იდეოლოგიისგან. გარდა ამისა, უკრაინის ტერიტორიაზე გაიზარდა ნატოს ინფრასტრუქტურა, რაც პირდაპირ ემუქრება რუსეთის უსაფრთხოებას. ჩვენი მიზანი არაა უკრაინის ტერიტორიების ნაწილებად დაყოფა, ჩვენ ვცდილობთ უზრუნველვყოთ საკუთარი უსაფრთხოების გარანტიები“, - ეს დმიტრი პესკოვის სიტყვებია.

მთელი მსოფლიო რუსეთისაგან ომის დაუყოვნებლივ შეწყვეტას მოითხოვს, მაგრამ პუტინსა და მის გარემოცვას „ვცდილობთ უზრუნველვყოთ საკუთარი უსაფრთხოების გარანტიები“ ჯერ ვერ მიუღწევიათ.

საბედნიეროდ რუსეთში საღად მოაზროვნე ადამიანები ჯერ კიდევ არსებობენ. რუსეთის დუმის სენატორმა ლუდმილა ნარუსოვამ სათათბიროს სხდომაზე „სკანდალური“ განცხადება გააკეთა და კოლეგებს მოუწოდა, რომ დროა, ხელისუფლებამ საკუთარ მოქალაქეებს სიმართლე უთხრას. ლუდმილა ნარუსოვას პერსონა ქართული საზოგადოებისათვის საინტერესო უნდა გახლდეთ. ეს ქალბატონი, თბილისში 9 აპრილის ტრაგედიის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე ანატოლი სობჩაკის მეუღლე და ცნობილი ჟურნალისტის, ქსენია სობჩაკის დედაა.

რუსეთი სრულიად საინფორმაციო ვაკუუმში მოექცა. ცნობილი გახდა, რომ ამ ქვეყანაში მაუწყებლობა შეაჩერა CNN-მა. მანამდე, რუსეთში მუშაობა უკვე შეწყვიტეს BBC, CBS NEWS, ABC News და Bloomberg-მა.

რუსეთის კომუნიკაციების მარეგულირებელმა ორგანომ „როსკომნადზორმა“ ქვეყანაში სოციალური ქსელი „Facebook“-ის დაბლოკვის გადაწყვეტილება მიიღო. გამოცემა „Guardian“-ის მტკიცებით, რუსეთმა მთელი ქვეყნის მასშტაბით „Twitter“-იც აკრძალა. რუსეთში დაბლოკილია გამოცემა „მედუზა“, „რადიო თავისუფლების“ რუსული რედაქცია, ასევე „Deutsche Welle“. გასულ დღეებში მაუწყებლობა შეაჩერეს რადიოიარხმა „ეხო მასკვი“ და ტელეკომპანია „დოჟდმა“.

რუსეთის მოსახლეობას საკუთარი მთავრობა ე.წ. „ტვინის გამორეცხვის“ ტერორს უწყობს და ამ მიზნისათვის მოსახლეობაში პოპულარულ არაერთ „ცნობად სახეს“ იყენებს.

პუტინის მოქმედებებს ამართლებს ყველასათვის საყვარელი დარტანიანი - მიხაილ ბოიარსკი. მსახიობმა სპეციალური განცხადება გაავრცელა და „საყვარელ“ პრეზიდენტს მხარდაჭერა აღუთქვა: - „დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი პრეზიდენტი მოქმედებს სწორად, მე ვფიქრობ, რომ მისი გადაწყვეტილებები ხელს შეუწყობს სიტუაციის სტაბილიზაციას უკრაინაში“.

პუტინს გვერდში დაუდგა ოლიმპიური ჩემპიონი ფიგურულ სრიალში ევგენი პლუშენკო: „ყველას უნდა მშვიდობა, მეც მათ შორის, ალბათ, ასეც დასრულდება ყველაფერი, მშვიდობით. მე პოლიტიკოსი არ ვარ, მაგრამ ჩემი პრეზიდენტის მჯერა. სპორტისა და პოლიტიკის აღრევა არ შეიძლება“.

ცნობილი რუსი რეჟისორი, ნიკიტა მიხალკოვი პუტინის აგრესიას ამართლებს და წერს, რომ საომარი მოქმედების დაწყება სწორი გადაწყვეტილება იყო: „მივიჩნევ, რომ ეს იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება. მას შემდეგ, რაც იკადრა უკრაინამ და დასავლეთმა, ეს გამოსავალი იყო“, – წერს მიხალკოვი.

ამ „პატრიოტული განცხადების“ შემდეგ ნიკიტა მიხალკოვის თავზე ცა მოიქუფრა - უკრაინაში მას ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს.

ორი დღის წინ უკრაინულ მასმედიაში შემდეგი „ნიუსი“ გავრცელდა. უკრაინის გენერალური პროკურორის, ირინა ვენედიქტოვას განცხადებით, უკრაინის სასამართლომ ცნობილი რუსი რეჟისორი, ნიკიტა მიხალკოვი დაუსწრებლად დამნაშავედ სცნო და დაუსწრებლად წინასწარი სასჯელის სახით პატიმრობა შეუფარდა. მიხალკოვს ბრალი ედება უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფაში.

 „ნიკიტა მიხალკოვ, ოფიციალურად გაცნობებთ, რომ უკრაინის დამოუკიდებელმა, სუვერენულმა და სამართლიანმა სასამართლომ უკრაინელ პროკურორებისთვის თქვენი დაპატიმრებისა და სასამართლოში მოყვანის ნებართვა გასცა, რათა სასჯელის ზომა განგესაზღვროთ. ამასთან, ჩვენ დავიწყეთ თქვენი საერთაშორისო ძებნაში გამოცხადების პროცედურა. დარწმუნებული ვარ, თქვენს გაკვირვებას საზღვარი არ ექნება, როდესაც შეიტყობთ, რომ რეალური რისკების წინაშე ხართ და ნებისმიერი ცივილიზებული სახელმწიფოს საზღვრის გადაკვეთისას, შესაძლოა, დაგაკავონ“, - ნათქვამია განცხადებაში.

სამწუხაროდ, რუსეთში განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრების მქონე ადამიანებს აღარ დაედგომებათ. ყველასათვის მოულოდნელად მათ რიცხვში ამ ქვეყნის „სახალხო მომღერალი“ ალა პუგაჩოვა და მისი მეუღლე მაქსიმ გალკინიც აღმოჩნდნენ.

რუსეთის უკრაინაში სამხედრო აგრესიის დაწყების პირველივე დღეს მაქსიმ გალკინმა ანტიმილიტარისტული განცხადება გააკეთა. ეს „დემარში“ მას არ აპატიეს და მის წინააღმდეგ მთელი სახელმწიფო მანქანა დაიქოქა.

რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურებმა მარტის თვეში ქვეყანაში დაგეგმილი მისი ყველა კონცერტი გააუქმა. ამის გარდა რუსულ სახელმწიფო ტელეარხებიდან გაუჩინარდა ბანკი „ურალსიბის“ რეკლამაც, რომელშიც ალა პუგაჩოვას მეუღლე მონაწილეობდა.

ამის შემდეგ გავრცელდა ოფიციალური ცნობა, რომ მაქსიმ გალკინი, ალა პუგაჩოვა შვილებთან ლიზასთან და ჰარისთან ერთად რუსეთიდან კერძო თვითმფრინავით ლატვიაში გაფრინდნენ. მომღერალთან დაახლოებულმა ადამიანებმა ზუსტად არ იციან, რომელ ქვეყანაში აპირებს ვარსკვლავური ოჯახი საბოლოოდ დასახლებას, თუმცა აღნიშნავენ, რომ შეიძლება რუსული ესტრადის პრიმადონა თბილისში გადმოსახლდეს. პუგაჩოვას საქართველო ძალიან უყვარს, ის არაერთხელ სტუმრობდა თბილისს.

უკრაინაში ომი გრძელდება და მხოლოდ ღმერთმა უწყის უახლოეს დღეებში მოვლენები როგორ წარიმართება. დღევანდელ წერილს კი ოპტიმისტური ნოტით დავასრულებთ.

„ომის მიმდინარეობიდან 8 დღის განმავლობაში კიევში 390-მდე ბავშვი დაიბადა, მათგან 199 - ბიჭი, 191 კი გოგოა.“ - ამის შესახებ ქალაქის მერმა ვიტალი კლიჩკომ თავის ვიდეომიმართვაში განაცხადა.