ირაკლი ღარიბაშვილი: თურქეთიდან შემოტანილი რამდენიმე დასახელების წამალი უკვე საქართველოში იყიდება, უმეტეს შემთხვევაში მედიკამენტებზე ფასები 60-დან 80%-მდეა შემცირებული

ირაკლი ღარიბაშვილი: თურქეთიდან შემოტანილი რამდენიმე დასახელების წამალი უკვე საქართველოში იყიდება, უმეტეს შემთხვევაში მედიკამენტებზე ფასები 60-დან 80%-მდეა შემცირებული

უმეტეს შემთხვევაში მედიკამენტებზე ფასები 60-დან 80%-მდეა შემცირებული და როგორც მინიმუმ, განახევრებულია. რაც ძალიან გვიხარია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, თურქეთიდან შემოტანილი რამდენიმე დასახელების წამალი უკვე საქართველოს აფთიაქებში იყიდება. მათი ფასი გაცილებით დაბალია, ქვეყანაში არსებულ მათ ანალოგებთან შედარებით.

„ყველაზე მოთხოვნადი წამლები რაც არის, მაგალითად გულ-სისხლძარღვთა დაავადების სამკურნალო მედიკამენტის ფასი მანამდე თუ იყო 220 ლარი, დღეს მისი ღირებულება 48 ლარია. უმეტეს შემთხვევაში მედიკამენტებზე ფასები 60-დან 80%-მდეა შემცირებული და როგორც მინიმუმ, განახევრებულია. რაც ძალიან გვიხარია“, - განაცხადა პრემიერმა.

მან ჯანდაცვის მინისტრს ზურაბ აზარაშვილს მადლობა გადაუხადა და ასევე აღნიშნა, რომ მინისტრი დღეს თურქეთში გაემგზავრება, სადაც თურქ კოლეგას მედიკამენტებთან დაკავშირებით შეხვდება.

პრემიერის განმარტებით, ჯანდაცვის სამინისტროში სხვადასხვა დასახელების, ათეულობით მედიკამენტის დასარეგისტრირებლად განაცხადებია შეტანილი. ღარიბაშვილის თქმით, ეს პროცესი დაჩქარდება, რათა თურქეთიდან კიდევ უფრო მეტი მედიკამენტი შემოვიდეს და უფრო იაფიანი წამლის შესაძენად მოსახლეობას არჩევანის შესაძლებლობა ჰქონდეს.

„რაც მთავარია, თავიდანვე ვთქვით, რომ ჩვენი მთავარი მოთხოვნა იქნებოდა ხარისხი და ეს ხარისხი არის მიღწეული. რა თქმა უნდა, ყველა ის წამალი, რომელიც შემოვიდა თურქეთიდან, იქნება და არის „ჯი-ემ-პის“ სტანდარტის. ამჟამად, მინისტრი აზარაშვილი აქტიურად მუშაობს, რომ ქვეყანაში შეიქმნას წამლის ხარისხის ლაბორატორია, რათა ყველა ის წამალი, რომელიც იქნება ადგილზე, საქართველოში წარმოებული ან შემოტანილი, იმპორტირებული, იყოს მხოლოდ მაღალი ხარისხის. ამ პროცესს ჩვენ მაქსიმალურად გავაკონტროლებთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.