24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო, რომელიც დღემდე გრძელდება. უკრაინის დახმარების სურვილი ქვეყნებისა და ორგანიზაციების გარდა ცნობილმა ადამიანებმაც გამოთქვეს. მათ შორის მილა კუნისი და ეშტონ კაჩერიც არიან.
მილამ და ეშტონმა გადაწყვიტეს, უკრაინელებისთვის პლატფორმა GoFundMe-ზე $30 მილიონი შეაგროვონ. თავად წყვილი უკრაინის დასახმარებლად $3 მილიონს გაიღებს. თანხა უკრაინელების საკვებით, საჭირო ნივთებითა და საცხოვრებლით უზრუნველყოფას მოხმარდება.
აღსანიშნავია, რომ თავად მილა კუნისი წარმოშობით უკრაინელია და უკრაინაში დაიბადა. მსახიობის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს სამშობლოდ მიიჩნევს და მისი მადლიერია, თავისი უკრაინული ფესვებით ახლა ძალიან ამაყობს.
"დღეს ამაყი უკრაინელი ვარ. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ოჯახი აშშ-ში 1991 წელს ჩამოვიდა, მე 1983 წელს უკრაინაში, ჩერნოვციში დავიბადე. უკრაინელები ამაყი და მამაცი ხალხია, რომლებიც გაჭირვების დროს ჩვენს დახმარებას იმსახურებენ", — განაცხადა მილამ.
ეშტონმა და მილამ უკვე $3 მილიონზე მეტი შეაგროვეს.