შონ პენი უკრაინის დასატოვებლად პოლონეთის საზღვრამდე ფეხით მივიდა

შონ პენი უკრაინის დასატოვებლად პოლონეთის საზღვრამდე ფეხით მივიდა

მსახიობმა შონ პენმა კოლეგებთან ერთად უკრაინა დატოვა. მათ მანქანა გზაზე მიატოვეს და პოლონეთის საზღვრამდე ფეხით მივიდნენ. მსახიობმა გულშემატკივრებს ტვიტერზე ფოტოც გაუზიარა.

"მე და ჩემმა ორმა კოლეგამ მანქანა გზაზე მივატოვეთ და პოლონეთის საზღვრამდე რამდენიმე მილი ფეხით გავიარეთ. ამ ფოტოში თითქმის ყველა მანქანაში მხოლოდ ქალები და ბავშვები არიან. მათ არანაირი ბარგი არ აქვთ, მანქანა მათი ერთადერთი ქონებაა", — წერს მსახიობი.

შონ პენის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ მსახიობმა უკრაინა მართლაც დატოვა.

შონ პენი უკრაინაში რუსეთის აგრესიის შესახებ დოკუმენტურ ფილმს იღებდა. ის დოკუმენტური ფილმის გადასაღებად 2021 წლის ნოემბრიდან ემზადებოდა, როცა რუსეთმა უკრაინის საზღვრებთან სამხედრო ძალები განათავსა. 24 თებერვალს კი, როცა პუტინმა უკრაინაში შეჭრის ბრძანება გასცა, მსახიობი და რეჟისორი კიევში დარჩა და მოვლენების ეპიცენტრიდან ადევნებდა თვალს საომარ ვითარებას.

აღსანიშნავია, რომ ჰოლივუდის ცნობილი მსახიობი პირისპირ შეხვდა უკრაინის პრეზიდენტსაც, რისი ამსახველი კადრებიც ვოლოდიმირ ზელენსკიმ ინსტაგრამის ოფიციალური გვერდის ე.წ. Story-ში გამოაქვეყნა.

უკრაინის ხელისუფლებამ მადლიერება გამოხატა შონ პენის მიმართ, რადგან მსახიობი და რეჟისორი პირადად ჩავიდა კიევში, "რათა აღბეჭდოს უკრაინაში მიმდინარე მოვლენები და მსოფლიოს მოუყვეს ჩვენს ქვეყანაში რუსეთის შეჭრის შესახებ".

განცხადებაში ასევე ვკითხულობთ:

"შონ პენი მათ შორისაა, ვინც უკრაინას მხარს უკრაინაში ყოფნით უჭერს. ჩვენი ქვეყანა მადლიერია, რომ მსგავსი სიმამაცე და გამბედაობა გამოიჩინა, რაც სხვა ბევრს აკლია, განსაკუთრებით დასავლელ პოლიტიკოსებს".