კანის კინოფესტივალზე რუსეთის დელეგაციას აღარ დაუშვებენ

კანის კინოფესტივალზე რუსეთის დელეგაციას აღარ დაუშვებენ

კინოსამყაროს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ღონისძიებაზე, კანის კინოფესტივალზე, რუსეთის დელეგაციას არ დაუშვებენ. განცხადება ფესტივალის ორგანიზატორებმა გაავრცელეს და ამით უკრაინაში რუსეთის შეჭრას გამოეხმაურნენ.

"ევროპის ნაწილში მიმდინარე ომის გამო მსოფლიოში შექმნილი მძიმე კრიზისის ფონზე, კანის კინოფესტივალს სურს, სრული მხარდაჭერა გამოუცხადოს უკრაინელ ხალხს და ყველას, ვინც ქვეყნის ტერიტორიაზე იმყოფება", — წერია გამოქვეყნებულ განცხადებაში, — "რამდენადაც მოკრძალებული უნდა იყოს ეს, ჩვენ ვუერთდებით მათ, ვინც ამ მიუღებელ სიტუაციას უპირისპირდება და რუსეთისა და მისი ლიდერების დამოკიდებულებას გმობს.

"2022 წლის ზამთრის პერიოდში, კანის კინოფესტივალისთვის მზადება დაიწყო. თუმცა, სანამ ეს ძალადობრივი ომი უკრაინელი ხალხისთვის მისაღები ფორმით არ დასრულდება, გადაწყდა, რომ ჩვენ არ მივიღებთ არც რუსეთის ოფიციალურ დელეგაციას და არც ნებისმიერ პირს, ვინც რუსეთის მთავრობასთანაა დაკავშირებული".

ოფიციალური დელეგაციის არდაშვების მიუხედავად, დამოუკიდებელ რეჟისორებს კინოფესტივალზე დასწრება შეეძლებათ. თუმცა, უცნობია, შეირჩევა თუ არა მათი ფილმები საკონკურსოდ ან ღონისძიებაზე წარმოსადგენად.

კანის კინოფესტივალის ორგანიზატორებმა ასევე შეაქეს ის ადამიანები, რომლებმაც უკრაინაში რუსეთის შეჭრა დაგმეს და აღნიშნეს, რომ ღონისძიება ყოველთვის იმ ხელოვანების სამსახურში იქნება, ვინც ძალადობის, რეპრესიებისა და უსამართლობის წინააღმდეგ ხმა აიმაღლა.

კულტურის სფეროს იმ წარმომადგენლების სია კი, ვინც რუსეთს პროტესტი გამოუცხადა, დიდია. უკრაინაში განვითარებული მოვლენების პასუხად რუსეთში დაგეგმილი კონცერტები გააუქმეს Green Day-მ და ნიკ ქეივმა. მუსიკოსების გარდა, აგრესორ ქვეყანას პროტესტი გამოუცხადეს უმსხვილესმა კინოკომპანიებმაც და რუსეთში დაგეგმილი ყველა პრემიერა გააუქმეს. ამ ყველაფერთან ერთად, აღსანიშნავია, რომ რუსულ სახელმწიფო ინსტიტუტებთან თანამშრომლობა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობამაც შეწყვიტა; ქვეყანას არ დაუშვებენ არც ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე — დიდი ალბათობით, არა მხოლოდ წელს, რადგან ფესტივალის ორგანიზატორმა ევროპის მაუწყებელთა კავშირმა რუსული ტელეკომპანიები გააძევა.