გულსატკენია, რომ ქვეყანა, რომელიც გვიყვარს, ამ კოშმარში ჩაითრიეს — Placebo მოსკოვში დაგეგმილ ფესტივალს გამოეთიშა

გულსატკენია, რომ ქვეყანა, რომელიც გვიყვარს, ამ კოშმარში ჩაითრიეს — Placebo მოსკოვში დაგეგმილ ფესტივალს გამოეთიშა

რუსეთის უკრაინაში შეჭრის პასუხად, ინგლისურმა როკჯგუფმა Placebo-მ გადაწყვიტა, ზაფხულში რუსეთში დაგეგმილი საკონცერტო გამოსვლა საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე გაეუქმებინა. განცხადება ჯგუფის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გავრცელდა.

"Placebo მწუხარებით გაცნობებთ, რომ ივლისის თვეში, მოსკოვში დაგეგმილ Park Live Festival-ს ეთიშება. მტკიცედ ვეწინააღმდეგებით უკრაინისკენ მიმართულ სასტიკ ომს. Placebo რუსეთში ტურნეებს ოც წელზე მეტი ხნის განმავლობაში მართავდა და ჩვენთვის გულსატკენია იმის დანახვა, როგორ ჩაითრიეს ამ კოშმარში ქვეყანა, რომელიც გვიყვარს და სადაც ბევრი ძვირფასი მეგობარი გვყავს. ჩვენ ვიცით, რომ რუსი ხალხის უდიდესი ნაწილიც ეწინააღმდეგება ამ ულმობელ ქმედებებს. ჩვენ კი უკრაინელი ხალხის გვერდით ვდგავართ. მუდამ ჩვენს ფიქრებში ხართ".

აღსანიშნავია, რომ ინგლისური ჯგუფი ერთადერთი არ არის მუსიკის ინდუსტრიიდან, ვინც რუსეთში დაგეგმილი კონცერტები გააუქმა. მსგავსი გადაწყვეტილებები მიიღეს ნიკ ქეივმა და Green Day-მაც. რუსეთს არ დაუშვებენ არც ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე — დიდი ალბათობით, არა მხოლოდ წელს, რადგან ფესტივალის ორგანიზატორმა ევროპის მაუწყებელთა კავშირმა რუსული ტელეკომპანიები გააძევა.

მუსიკოსების გარდა, აგრესორ ქვეყანას პროტესტი გამოუცხადეს უმსხვილესმა კინოკომპანიებმაც და რუსეთში დაგეგმილი ყველა პრემიერა გააუქმეს. ქვეყნის ოფიციალური დელეგაცია არ დაიშვება არც კანის კინოფესტივალზე. ამ ყველაფერთან ერთად, აღსანიშნავია, რომ რუსულ სახელმწიფო ინსტიტუტებთან თანამშრომლობა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობამაც შეწყვიტა.