ცნობილმა ავსტრალიელმა მუსიკოსმა, ნიკ ქეივმა, რუსეთის უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ ქვეყნებში დაგეგმილი კონცერტები გააუქმა და უკრაინელებს სოლიდარობა გამოუცხადა.
"მიმდინარე მოვლენების ფონზე, სხვა გზა აღარ გვაქვს, გარდა იმისა, რომ რუსეთსა და უკრაინაში ამ ზაფხულს დაგეგმილი კონცერტები გავაუქმოთ", — წერია ქეივის ბენდის, Nick Cave & the Bad Seeds-ის განცხადებაში, — "ჩვენი ფიქრები და სიყვარული მიემართება შეუპოვარ უკრაინელ ხალხს, მათ გმირ ლიდერს და ყველას, ვისაც ამ ომმა ტანჯვა მიაყენა. უკრაინა, ჩვენ თქვენ გვერდით ვდგავართ და ასევე რუსეთში მცხოვრები იმ ხალხის გვერდით, ვინც ამ სასტიკ ქმედებას უპირისპირდება. ვლოცულობთ, რომ ამ შეშლილ სიტუციას მალე მოეღოს ბოლო".
უკრაინაში განვითარებული მოვლენების პასუხად რუსეთში დაგეგმილი კონცერტი გააუქმა Green Day-მაც. მუსიკოსების გარდა, აგრესორ ქვეყანას პროტესტი გამოუცხადეს უმსხვილესმა კინოკომპანიებმაც და რუსეთში დაგეგმილი ყველა პრემიერა გააუქმეს. ამ ყველაფერთან ერთად, აღსანიშნავია, რომ რუსულ სახელმწიფო ინსტიტუტებთან თანამშრომლობა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობამაც შეწყვიტა; ქვეყანას არ დაუშვებენ არც ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე — დიდი ალბათობით, არა მხოლოდ წელს, რადგან ფესტივალის ორგანიზატორმა ევროპის მაუწყებელთა კავშირმა რუსული ტელეკომპანიები გააძევა.