Disney-მ, Warner Bros.-მა და Sony-მ რუსულ კინოთეატრებში საკუთარი ფილმების ჩვენება შეაჩერეს

Disney-მ, Warner Bros.-მა და Sony-მ რუსულ კინოთეატრებში საკუთარი ფილმების ჩვენება შეაჩერეს

ამერიკულმა The Walt Disney Company-მ განაცხადა, რომ აჩერებს თავისი წარმოების ფილმების ჩვენებას რუსეთში. შესაბამისი განცხადება კომპანიის Twitter-ზე გამოქვეყნდა.

„უკრაინაზე თავდასხმის, რომელიც არაფრით იყო პროვოცირებული და ტრაგიკული ჰუმანიტარული კრიზისის გათვალისწინებით, ვაჩერებთ რუსეთში ფილმების ჩვენებას“, - აღნიშნულია Disney-ს განცხადებაში.

ანალოგიური განცხადება გამოაქვეყნა Sony-მ.

„უკრაინაში საომარ მოქმედებების და ამით გამოწვეული გაურკვევლობისა და ჰუმანიტარული კრიზისის ფონზე რუსეთში დაგეგმილი თეატრალური ჩვენებები შევაჩერეთ“, - აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

Warner Bros.-მა კი რუსულ კინოთეატრებში „ბეტმენის“ ჩვენება გააუქმა. ფილმის პრემიერა 2 მარტს იყო დაგეგმილი.

უკრაინაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული. აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა, ევროკავშირმა, იაპონიამ, კანადამ და სხვა ქვეყნებმა რუსეთს მკაცრი სანქციები დაუწესეს. 27 თებერვალს კი უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ გაეროს საერთაშორისო სასამართლოში შეიტანა სარჩელი.