24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ომი დაიწყო. მსოფლიოს ყურადღება ამჟამად სწორედ მიმდინარე მოვლენებსა და უკრაინის პრეზიდენტზე — ვოლოდიმირ ზელენსკიზეა მიპყრობილი. მსოფლიო აღფრთოვანებულია ზელენსკის განცხადებებით, მოწოდებებითა და სიმტკიცით — პრეზიდენტი უარს აცხადებს დედაქალაქ კიევის დატოვებაზე, ყოველდღიურად პირადად აწვდის ინფორმაციას მსოფლიოს და უკრაინელებს გამუდმებით ამხნევებს.
ვოლოდიმირ ზელენსკის პიროვნება მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა და ადამიანებმაც მისი წარსულის შესწავლა უფრო სიღრმისეულად დაიწყეს. პოლიტიკაში მოსვლამდე ზელენსკი კომიკოსი და მსახიობი იყო. ცოტა ხნის წინ კი ისიც გავიგეთ, რომ ამჟამად უკრაინის პრეზიდენტმა რამდენიმე წლის წინ უსაყვარლესი დათვი პადინგტონი უკრაინულად გაახმოვანა.
ის, რომ ანიმაციის ორივე ნაწილში კეთილ დათვს ზელენსკი ახმოვანებს, პადინგტონის მწარმოებელმა კომპანია StudioCanal-მა და ანიმაციის ინგლისურენოვანი ვერსიის მსახიობმა, ჰიუ ბონევილმაც დაადასტურეს. ინტერნეტში ვიდეოც კი არსებობს, თუ როგორ ახმოვანებს ზელენსკი პერსონაჟს.
"დღემდე არ ვიცოდი, თუ ვინ ახმოვანებდა პადინგტონს ანიმაციის უკრაინულ ვერსიაში. დიდი მადლობა, პრეზიდენტო ზელენსკი", — წერს ჰიუ ბონევილი ტვიტერზე.
ვოლოდიმირ ზელენსკი პრეზიდენტად 2019 წელს აირჩიეს. პოლიტიკაში მოსვლამდე ის სერიალ Servant of the People-ში უკრაინის პრეზიდენტის როლს ასრულებდა. ცოტა ხნის წინ კი ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა ვიდეო უკრაინული ცეკვავენ ვარსკვლავების 2006 წლის სეზონი, რომლის გამარჯვებულიც ზელენსკი გახდა.