ჰელმანდის პროვინციაში, ბაზა „შირგაზზე“ 16:17 საათზე, ავღანეთის საერთაშორისო მისიაში მონაწილე ქართველი სამხედროების ბაზაზე, აქამდე ყველაზე მასშტაბური ტერორისტული თავდასხმა განხორციელდა. როგორც თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, არსებული ინფორმაციით, ბაზაზე, სადაც 42-ე ბატალიონია დისლოცირებული, თვითმკვლელმა ტერორისტმა და მეამბოხეთა ჯგუფმა იერიში მიიტანა.
ძლიერი აფეთქების შედეგად ტერორისტთა 5-კაციანი ჯგუფი ბაზაზე შეიჭრა. ქართველმა სამხედროებმა თავდასხმა მოიგერიეს და ყველა ტერორისტი ადგილზე გაანადგურეს. შეტევის შედეგად გარდაცვლილია სამი სამხედრო მოსამსახურე, დაჭრილია რამდენიმე ჯარისკაცი. ინფორმაციის მიღებისთანავე, თავდაცვის მინისტრმა გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელობას დავალება მისცა, რომ ბოლომდე დაეზუსტებინათ შემოტევის დეტალები.
„უკვე მიღებულია უსაფრთხოების საგანგებო ზომები. მე ვესაუბრე 42-ე ბატალიონის მეთაურს, მაიორ კალანდაძეს. მოცემული დროისთვის ცნობილია შემდეგი: ბაზაზე განხორციელდა მეამბოხეთა კომბინირებული თავდასხმა, თვითმკვლელი ტერორისტის მიერ სატვირთო მანქანაზე დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენებით. თავდასხმა ქართველმა სამხედროებმა მოიგერიეს, ყველა ტერორისტი ადგილზე გაანადგურეს და ამ დროისთვის სრულად აკონტროლებენ ოპერატიულ ვითარებას მათი პასუხისმგებლობის ზონაში“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
ტერორისტების თავდასხმას 3 ქართველი სამხედრო მოსამსახურე შეეწირა, კაპრალი ალექსანდრე კვიწინაძე, უმცროსი სერჟანტი ზვიად დავითაძე და კაპრალი ვლადიმერ შანავა. რაც შეეხება დაჭრილებს, როგორც ირაკლი ალასანია ამბობს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას ამ ეტაპისტვის დამაკმაყოფილებელია, დაჭრილებს ადგილზე ჩაუტარდათ სამედიცინო დახმარება. დაჭრილი ქართველი სამხედროების საერთაშორისო კლინიკაში გადაყვანის აუცილებლობა არ არსებობს.
„მინდა მივუსამძიმრო ამ გმირი სამხედროების ოჯახებს ეს აუნაზღაურებელი დანაკლისი და მთელ საქართველოს ეს დიდი ტრაგედია. ჩვენ ამ უმძიმეს ტრაგედიას განვიცდით, ისე, როგორც ამ გმირი მებრძოლების ოჯახის წევრები და საქართველოს თითოეული მოქალაქე. ამ ეტაპზე არსებული ფაქტობრივი მონაცემებით, გვყავს დაჭრილები და მსუბუქად დაშავებულები.
ყველა დაჭრილის ოჯახის წევრი ინდივიდულურად არის ინფორმირებული. საქარრთველოს ხელისუფლება, თავდაცვის სამინისტრო და შეიარაღებული ძალები დაღუპული და დაჭრილი სამხედროების ოჯახების გვერდით დგას და განიცდის ამ მოუშუშებელ ტკივილს.
კიდევ ერთხელ მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო ქართველი სამხედროების თავდადება და გმირობა, სწორედ ამ თავდადებამ და სამხედროების პროფესიონალურმა მოქმედებამ აგვაცილა გაცილებით უფრო დიდი ტრაგედია,“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ ავღანეთში საქართველო 1600 ჯარისკაცით არის წარმოდგენილი. საერთაშორისო ოპერაციაში საქართველო შეიარაღებული ძალების ქვედანაოფი 2004 წლიდან იღებს მონაწილეობას. ოფიციალური მონაცემებით, ამ პერიოდის განმავლობაში ასეულის ქვედანაყოფი 10-ჯერ გაიზარდა. 2012 წლის სექტემბრიდან საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილით, ავღანეთის საერთაოშორისო მისიაში საქართველოს წვლილი გაორმაგდა.
ოფიციალური მონაცემებით, ბოლო სამი წლის განმავლობაში საქარველომ ავღანეთში 19 სამხედრო მოსამსახურე დაკარგა. ყველაზე დიდი მსხვერპლი საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა 2010 წლის 30 სექტემბერში განიცადა. ნაღმზე აფეთქების შედეგად, ჰელმანდის პროვინციაში ერთდროულად 4 ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.
დაღუპული სამხედროების ოჯახის წევრებს უსამძიმრებს, ა-ო საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის წარომადგენელი, თეონა აქუბარდია, რომლის განცხადებით, მნიშვნელოვანია იმ გარემოებების შესწავლა, რა გარემოებებშიც მოხდა თვითმკვლელი ტერორისტის ბაზის ტერიტორიაზე შეღწევა.
„მინისტრის განცხადებით, ეს იყო კარგად მომზადებული შეტევა, რომელიც ჩვენმა ბიჭებმა მოიგერიეს, თუმცა მნიშვნელოვანია ის დასკვნები, რომელსაც თავდაცვის სამინისტრო დადებს ამ ფაქტთან დაკავშირებით. იქიდან გამომდინარე, რომ თავდაცვის უწყება ავღანეთის სამშვიდობო მისიასთან დაკავშირებით მაქსიმალურად ცდილობს საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია, იმედს ვიტოვებ უახლოეს პერიოდში საზოგადოება შეიტყობს დაჭრილი სამხედროების ოდენობას და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას,“ - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას თეონა აქუბარდიამ.
ავღანეთში ქართველი სამხედროების დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს პრეზიდენტი.
„შემძრა ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში „შირგაზას" ბაზაზე მომხდარმა თავდასხმამ. ჩვენი გმირი ბიჭების დაღუპვის შესახებ ინფორმაციის მოსმენა ჩემთვის ძალიან მძიმეა და მჯერა, რომ მათი თავგანწირვა უკვალოდ არ ჩაივლის. მათ საქართველოსა და ჩვენი შვილების მომავალს შეწირეს თავი.
ქედს ვიხრი ჩვენი დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნის წინაშე და გულწრფელად ვიზიარებ მათი გარდაცვალებით გამოწვეულ ტკივილს. ვამაყობ, რომ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ერს ასეთი თავდადებული ვაჟკაცები ჰყავს. ამ ბიჭების სახელები სამუდამოდ დარჩება ჩვენი ისტორიის ფურცლებზე, როგორც ქვეყნის ერთიანობისა და თავისუფლებისთვის მებრძოლი გმირები.
ღრმა მწუხარებას გამოვხატავ და ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს, თანამებრძოლებსა და მთელ ქართველ ერს. მინდა დაგარწმუნოთ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მათ ხსოვნას სათანადოდ მივაგოთ პატივი“, - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში, რომელიც მიხეილ სააკაშვილის „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.