დღეს 16:17 განხორციელდა დღემდე ყველაზე მასშტაბური ტერორისტული თავდასხმა ავღანეთში ნატო-ს ოპერაციაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების ბაზაზე.
თვითმკვლელმა ტერორისტმა და მეამბოხეთა ჯგუფმა იერიში მიიტანა 42-ე ბატალიონის ბაზაზე.
ინფორმაციის მიღებისთანავე გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელობას მიეცა დავალება, ბოლომდე დააზუსტონ შემოტევის დეტალები. უკვე მიღებულია უსაფრთხოების საგანგებო ზომები. თავდაცვის მინისტრი ასევე ესაუბრა 42-ე ბატალიონის მეთაურს მაიორ კალანდაძეს. მოცემული დროისთვის ცნობილია შემდეგი: ბაზაზე განხორციელდა მეამბოხეთა კომბინირებული თავდასხმა, თვითმკვლელი ტერორისტის მიერ სატვირთო მანქანაზე დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენებით.
თავდასხმა ქართველმა სამხედროებმა მოიგერიეს, ყველა ტერორისტი ადგილზე გაანადგურეს და ამ დროისთვის სრულად აკონტროლებენ ოპერატიულ ვითარებას მათი პასუხისმგებლობის ზონაში.