2022 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე რუსეთი მონაწილეობას ვეღარ მიიღებს. გადაწყვეტილებას, რომელიც მუსიკალური ფესტივალის ორგანიზატორმა ევროპის მაუწყებელთა კავშირმა ცოტა ხნის წინ მიიღო, წინ უძღოდა მონაწილეების პროტესტი.
"ღონისძიების წესებისა და მაუწყებელთა კავშირის ღირებულებების გათვალისწინებით, ასევე ევროვიზიის სიმღერის კონკურსის მმართველი ორგანოს რეკომენდაციით, აღმასრულებელმა საბჭომ მიიღო აღნიშნული გადაწყვეტილება", — წერია გავრცელებულ განცხადებაში, — "ორგანოს რეკომენდაციას მხარს უჭერდა სატელევიზიო კომიტეტიც. გადაწყვეტილების მოტივი კი ისაა, რომ უკრაინაში შექმნილი უპრეცედენტო კრიზისის ფონზე რუსეთის მონაწილეობა წლევანდელ კონკურსზე ღონისძიების რეპუტაციას შელახავდა. ამ გადაწყვეტილების მიღებამდე მაუწყებელთა კავშირმა გაიარა კონსულტაცია წევრებთან. ორგანიზაცია მაუწყებლების აპოლიტიკური გაერთიანებაა, რომელიც საზოგადოებრივი სამსახურის ღირებულებების მხარდაჭერას ემსახურება. ჩვენ ერთგულნი ვრჩებით კულტურული ღონისძიების ფასეულობებისა, რომელთა მიზანიც ქვეყნების გამოცდილების მიმოცვლა და გაგება, მაყურებლების გაერთიანება, მრავალფეროვნების მუსიკით აღნიშვნა და მთელი ევროპის ერთ სცენაზე გაერთიანებაა".
რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რამდენიმე ქვეყანამ მაუწყებელთა კავშირს პირდაპირ მოსთხოვა, რომ აგრესორი ქვეყნის წარმომადგენელი ევროფესტივალზე არ დაეშვა. ზოგიერთმა მონაწილემ ულტიმატუმიც კი წაუყენა ორგანიზატორს — რომ თუკი ევროვიზიაზე რუსეთი გამოვიდოდა, ისინი ღონისძიებას გამოეთიშებოდნენ.
ევროვიზია 2022-ის მონაწილეები კონკურსიდან რუსეთის მოხსნას ითხოვენ
რაც შეეხება უკრაინას, 2022 წლის ევროვიზიაზე ქვეყანას ჯგუფი KALUSH ORCHESTRA წარადგენს, სიმღერით Stefania. შიდაშესარჩევი კონკურსის შედეგად, ქვეყნის წარმომადგენლად, თავდაპირველად, ალინა პაში დასახელდა, თუმცა, მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ მომღერალი ოკუპირებულ ყირიმში უკანონო გზით იმყოფებოდა, უკრაინამ მონაწილე შეცვალა.
2022 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსს იტალიის ქალაქი ტურინი უმასპინძლებს 10, 12 და 14 მაისს. რიგით 66-ე ევროფესტივალზე საქართველოს ჯგუფი ცირკუს მირკუსი წარადგენს.