ამერიკელი მსახიობი, კორტნი კოქსი, The Sunday Times-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, ფილერების გამოყენების თავის გამოცდილებაზე ჰყვება. კოქსის თქმით, როცა მათი გამოყენება გადაწყვიტა, ასე ცდილობდა, "ახალგაზრდულ გარეგნობას დასწეოდა". თუმცა, მსახიობი აღნიშნავს, რომ ამის შედეგად, "ძალიან უცნაურად" გამოიყურებოდა.
"იყო დრო, როცა ვფიქრობდი: 'უი, ვიცვლები. ვბერდები'. და მერე წლების განმავლობაში ვცდილობდი, ახალგაზრდულ გარეგნობას დავწეოდი", — იხსენებს Friends-ის ვარსკვლავი, — "მაშინ ვერ ვიაზრებდი, რომ, რეალურად, ძალიან უცნაურად გამოვიყურებოდი ამ ინიექციებისა და იმ ყველაფრის შემდეგ, რასაც საკუთარ სახეს დღევანდელი გადმოსახედიდან არასდროს გავუკეთებდი".
კორტნის თქმით, თავის გარეგნობაზე დაწყებულმა მითქმა-მოთქმამ, მოგვიანებით, უკვე გაკეთებული ოპერაციების შედეგების შეცვლისკენ უბიძგა.
"მგონი, ხალხი ჩემზე ლაპარაკობდა", — იხსენებს იგი, — "მერე კი დადგა დრო, როცა საკუთარ თავს ვუთხარი, უნდა შეჩერდე. ეს უკვე უგუნურებაა-მეთქი.
"ჩემი ყველა ფილერი დავშალე. რამდენადაც შემიძლია, ბუნებრივად გამოვიყურები. უკეთესადაც ვარ, რადგან ჩემს თავს ვგავარ. ვფიქრობ, ახლა უფრო მეტად ვგავარ იმ ადამიანს, ვინც ვიყავი. ყოველ შემთხვევაში, ამის იმედი მაქვს".
ინტერვიუში კოქსმა ასევე აღნიშნა, რომ ჰოლივუდში ქალებს ხშირად აქცევენ "მიკროსკოპის ქვეშ".
"ყურადღება გამახვილებული აქვთ", — ამბობს მსახიობი, — "მაგრამ, არ ვიცი, ჩემზე მეტად თუ აქვთ გამახვილებული".
57 წლის ვარსკვლავმა ასევე აღნიშნა, რომ მე-60 დაბადების დღის გადასახდელად ემზადება.
"ამის მოსმენა ან თქმაც კი რთულია. არ მჯერა", — ამბობს მსახიობი, — "60 წლის ასაკს არაფერს ვერჩი, უბრალოდ, ვერ ვიჯერებ. დრო მიფრინავს.
"თუმცა, ეჭვგარეშეა, რომ უფრო გულდაჯერებული ვარ. ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ ვისწავლე: რითი ვისიამოვნო, რას ვეცადო მეტად და რას შევეშვა".
აღსანიშნავია, რომ კოქსი ერთადერთი არაა, ვინც ჰოლივუდში ქალებზე წნეხის შესახებ ღიად ილაპარაკა. ცოტა ხნის წინ, როცა Sex and the City-ის გაგრძელებაში მონაწილე ვარსკვლავებმა გარეგნობის ცვლილებასთან დაკავშირებული უარყოფითი შეფასება მიიღეს, თემაზე ღიად სარა ჯესიკა პარკერმა ისაუბრა.
"ვიცი, როგორც გამოვიყურები. სხვა არჩევანი არც მაქვს. და როგორ მოვიქცე? დაბერება შევწყვიტო თუ საერთოდ გავქრე?" — აღნიშნა მსახიობმა.