სენაკის საკრებულოს იმ შემადგენლობამ, რომელსაც „ქართული ოცნება“ არალეგიტიმურად მიიჩნევს, თავმჯდომარედ გიორგი გახარიას პარტიის წევრი აირჩია

სენაკის საკრებულოს იმ შემადგენლობამ, რომელსაც „ქართული ოცნება“ არალეგიტიმურად მიიჩნევს, თავმჯდომარედ გიორგი გახარიას პარტიის წევრი აირჩია

სენაკის საკრებულოს იმ შემადგენლობამ, რომელსაც „ქართული ოცნება“ არალეგიტიმურად მიიჩნევს, თავმჯდომარედ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ირაკლი კაჭარავა აირჩია.

მას მხარი „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" დაუჭირა. კენჭისყრაში მონაწილეობდა საკრებულოს 17 წევრი. პროცესში მონაწილეობა არ მიუღია „ქართული ოცნების" წევრებს.

დღევანდელს სხდომაზე გარკვეულ ინციდენტებსაც ჰქონდა ადგილი. სხდომის დაწყებიდან რამდენიმე წუთში თანამდებობა დატოვა საკრებულოს აპარატის ხელმძღვანელმა. მიზეზად მან ზეწოლა დაასახელა. მიუხედავად ამისა, სხდომა გაგრძელდა. საკრებულოს წევრება მიიღეს გადაწყვეტილება, განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ და აპარატის უფროსის ხელმოწერა, სხდომის ხელმძღვანელის სევდია უგრეხელიძის ხელმოწერით ჩანაცვლდა.

სენაკის საკრებულოს სხდომა თავმჯდომარის არჩევის შემდეგ გადაიდო. როგორც ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ ირაკლი კაჭარავამ აღნიშნა, მას იმედი აქვს, რომ შემდეგ სხდომაზე "ქართული ოცნების" წევრები გამოცხადდებიან და მონაწილეობას მიიღებენ თავმჯდომარის მოადგილეების დასახელებისა და მათი არჩევის პროცესში.

სენაკის საკრებულოში 33 დეპუტატია, აქედან 16 წევრი ჰყავს „ქართულ ოცნებას", "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" - 13, ხოლო პარტია "საქართველოსთვის" კი 4.

ამასთან, „ქართული ოცნების“ სენაკის ორგანიზაციის წევრები 9 თებერვალს საკრებულოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებების გაუქმებას ითხოვენ. აღნიშნულთან დაკავშირებით, მათ უკვე მიმართეს სასამართლოს.

„როგორც ცნობილია, ოპოზიციური პარტიის წევრები 9 თებერვალს შეიკრიბნენ და მიუხედავად იმისა, რომ სხდომის გახსნისთვის საკმარისი კვორუმი არ იყო, რაც გულისხმობს 17 წევრის დასწრებას, მათ კანონის უხეში დარღვევით მიიღეს ქართული სამართლისთვის და ცივილიზებული სამყაროსთვის უპრეცედენტო გადაწყვეტილებები. თვითმმართველობის კოდექსით გათვალისწინებული 17 წევრის ნაცვლად, 16 წევრის მონაწილეობით გადაირჩიეს დროებითი ხმის დამთვლელი და სამანდატო კომისია. ასევე აღიარეს ოპოზიციური წევრის ნიკოლოზ შამათავას უფლებამოსილება", - განაცხადა "ქართული ოცნების" წევრმა სანდრო ოდიშარიამ.