უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭომ ქვეყნის ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღო.
შემდეგ ეტაპზე აღნიშნული გადაწყვეტილება უკრაინის პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.
უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ალექსეი დანილოვმა აღნიშნა, რომ საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებული შეზღუდვები კონკრეტული რეგიონის მიხედვით განსხვავდება.
რაც შეეხება დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებს, მისი თქმით, აღნიშნულ ტერიტორიებზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება კანონმდებლობის გამო შეუძლებელია, თუმცა იქ ისედაც საგანგებო პირობებია, რადგან საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. „დამოუკიდებლობა“ 21 თებერვალს აღიარა, რის შემდეგაც რუსეთმა უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებთან ე.წ. „დიპლომატიური ურთიერთობები“ დაამყარა. რუსეთის პარლამენტის ზედა პალატამ კი ვლადიმერ პუტინს რუსეთის ფარგლებს გარეთ შეიარაღებული ძალების გამოყენებაზე თანხმობა მისცა.
ამის შემდეგ დიდმა ბრიტანეთმა 5 რუსულ ბანკსა და ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულ 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა, გერმანიამ კი გაზსადენი Nord Stream 2-ის სერტიფიცირება შეაჩერა. ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი მიიღეს, შემდეგ კი მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ ვაშინგტონში განაცხადეს. პრეზიდენტ ჯო ბაიდენის თქმით, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები რუსეთის სუვერენულ ვალს, ორ ფინანსურ ინსტიტუტსა და რუსეთის ელიტის წარმომადგენლებს შეეხება.