„ღირსება, შენი ქვეყნის სიყვარული და პატრიოტიზმი სტუმრის შეურაცხყოფაში არ გამოიხატება. ამ შემთხვევაში, გუნდი, რომელიც ჩამოდის, პირველ რიგში, სტუმარია და მოვიშველიებ ვაჟა-ფშაველას „სტუმარ-მასპინძელს“, რომელზეც გაზრდილები ვართ და ამ ღირსებითაა ჩვენი გულშემატკივრების ძირითადი ნაწილი, რომელიც თამაშს ესწრება“, ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიხეილ ყაველაშვილი გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც „ნაციონალური მოძრაობა“ საქართველო-რუსეთს შორის რაგბის მატჩის დროს პროვოკაციას გეგმავს.
ის „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდულ ფრთას მიმართავს.
„სარაგბო მატჩზე კი არ მოახდინონ პროვოკაცია, კახეთის გზატკეცილზე მივიდნენ და საკუთარ ლიდერებს მოსთხოვონ 2008 წლის რეზოლუციაზე ხელმოწერისა და საკუთარი სამხედროების ომის დაწყებასა და კასეტური ბომბების ჩამოყრაში დადანაშაულებისთვის. ამ რეზოლუციას ხელი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა მოაწერეს და ამაზე დღემდე არ გაუციათ პასუხი. 2008 წლის შემდეგ, 30-მდე სტრატეგიული ობიექტი მიჰყიდეს მტერს - რუსეთს. ამაზე გააცემინონ პასუხი საკუთარ ლიდერებს, რომლებიც მაშინ ქვეყნის ხელმძღვანელობაში იყვნენ. ეს არის მთავარი კითხვა“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.