ღვინო და ქართველი მსახიობები ერთგული მეგობრები არიან. ამ სიყვარულმა და ურთიერთგაგებამ დროის მკაცრ გამოცდას თავი ჩინებულად გაართვა. ისინი ძმაკაცობენ, ერთმანეთს არ ღალატობენ და ჭირსა თუ ლხინშიც გვერდი-გვერდ არიან.
ბახუსის ტყვეობაში ყოფნა სასიამოვნო განცდაა და იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომელსაც მასთან დაკავშირებით მრავალი მოგონება არ გააჩნდეს. საქართველოში ღვინის სმის კულტი ხელოვნების დონეზეა აყვანილი. ამ დარგის “მეცნიერების” განვითარებაში ჩვენს აქტიორებსაც თავიანთი მოკრძალებული წვლილი შეაქვთ.
რამდენიმე ათეული წლის წინ, რუსთაველის თეატრში ერთი არაჩვეულებრივი სპექტაკლი, “ქუთათურები” დაიდგა. მთავარ როლს იპოლიტე ხვიჩია ასრულებდა. ისეთი შთამბეჭდავი იყო ამ როლით იპოლიტე, რომ მაყურებელთან ერთად კულისებში მსახიობებიც უკრავდნენ ტაშს. ბატონი იპოლიტე სცენაზე ცეკვა-ცეკვით შემოდიოდა და სუფრაც იშლებოდა. ლხინის სცენა დიდი აზარტით სრულდებოდა. ერთხელაც დეკორატორებმა ლიმონათის ნაცვლად სპექტაკლზე ღვინო ჩაასხეს დოქებში. იპოლიტემ დააგემოვნა და ათწუთიანი ლხინის სცენა ოც წუთზე გადაიჭიმა. ანიშნებდნენ დაამთავრეო. “აწი დავდექი ქეიფის ხასიათზე და გვაცალეთ ბატონოო” - უპასუხა იპოლიტემ. სასცენო ქეიფის დასრულების შემდეგ ცეკვით გავიდა კულისებში და არაერთხელ მოიპატიჟა თეატრის გრიმიორი. გააცნო მაყურებელს. ამ ორიგინალური წარმოდგენის შემდეგ რეჟისორმა უსაყვედურა გრიმიორს, შენ რაღამ გაგაგიჟა, რატომ შემოხვედი ცეკვით, შენ ხომ ფხიზელი იყავიო? იმანაც თავი იმართლა, იპოლიტეს, ცოცხალ ლეგენდას, ვერ გავუბედავდი უარის თქმას და გაწბილებასო.
მსახიობი ვასიკო ბახტაძე იხსენებდა: “ფილმის გადაღების დროს ნასვამი მივედი, არადა, ქეიფის სცენა უნდა მეთამაშა. რეჟისორმა განაცხადა, მე ისეთ ხალხთან მუშაობა არ შემიძლია ვისაც სიმთვრალის თამაში გაუჭირდება და მართლა დათვრება ფორმაში შესასვლელადო. ლევან ზაქარეიშვილმა ფილმის ერთ-ერთ სცენაში ლექსის თქმა დამავალა:
დართლოელების ქალასა,
ძირს ჩაგიგდებდი ჩალასა,
ნელ-ნელა მოგაწვებოდი
არ დაგატანდი ძალასა.
ლექსი კარგად ავითვისე. დაიწყო გადაღება, მივედი ბოლო სტრიქონამდე, მაგრამ ძალადაუტანლობის ნაცვლად ვთქვი, გაგრძნობინებდი ძალასა-მეთქი. ლექსის შინაარსი შეიცვალა, თუმცა მე კი არა, ბახუსმა შეცვალა, თორემ განა ლექსი ვერ დავიმახსოვრე”.
ერთხელ, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა მსახიობმა მამუკა ლორიამ ძმაკაცს, თენგო გიორგაძეს ჰკითხა, ის წერტილი როგორ დაეჭირა, საიდანაც ბახუსი ერეოდა და თრობას იწყებდა. იმან ერთი მეთოდი გაუმხილა, რომელსაც ყოველთვის წარმატებით იყენებდა. ურჩია, სუფრასთან როდესაც დაჯდებოდა, იქ მყოფი ქალებისთვის თვალი გადაევლო. მათ შორის ყველაზე უსიმპატიო ამოერჩია და ქეიფის დროს მისთვის თვალი ხშირად შეევლო. როდესაც ეს მანდილოსანი “გალამაზებას” დაიწყებდა და ანგელოზადაც მოეჩვენებოდა, უკვე სუფრიდან ადგომის ნიშანი იყო.
მუსიკოს გია ბაღაშვილს თამადობა არაერთხელ უწევს. ერთხელაც შემთხვევით “შეცდომა” დაუშვა და უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდა.
“ყოველთვის, როცა თამადობას ვიწყებ, სუფრის წევრებს სახელებით ვეცნობი. ხანდახან “შპარგალკასაც” ვიყენებ და ოჯახის წევრების სახელებს ვიწერ. ერთ ქორწილში დროზე ადრე გავისტუმრე იმ ქვეყნად ნეფის ბებია. დავილოცე - ნათელში იყოს მისი სული-მეთქი. ცოტა მოგვიანებით ჩემთან მოვიდა ერთი სანდომიანი სახის ჭაღარა ქალი. მომეფერა და წყენაც გამოთქვა, მკვდრად რატომ გამომაცხადეო. ჩემი შეცდომა იმით გამოვასწორე, რომ იმავ წუთში ვადღეგრძელე ქართველი დედა, სწორედ მისი თამადობით”.
მსახიობი ზურა შარია ერთხანს ტკბილად იყო ჩახუტებული ბახუსთან და ხშირად უწევდა რეპეტიციების გაცდენა. თავის დაძვრენას ყოველთვის იოლად ახერხებდა. ერთხელ რეჟისორი გზაზე შეხვდა და ეუბნება, თუ არ გინდა, მიბრძანდი სამსახურიდან, ძალას არავინ გატანსო. ზურამ თავი ჩაქინდრა და ჩემი ძმა დაიღუპა, თან სთხოვა, ბებიაჩემთან არ წამოგცდესო. ძმა სად გყავსო? - დაიბნა თანამოსაუბრე. როგორ არ მყავდა, ჩემი ტყუპისცალი იყოო, მოსკოვში ბიძაჩემთან გაიზარდა, იქვე ვმარხავთო. გული აუჩუყდა რეჟისორს.
საშინელი სიმთვრალე ჰქონია მსახიობ ზაზა კოლელაშვილს და ჯობს, რომ ამ დროს ახლოს არ გაეკაროთ. მისი კოლეგა თენგიზ გიორგაძე ერთ ისტორიას ყვებოდა:
”ჩემს ყმაწვილკაცობაში, სტუდენტობის წლებში მთვრალ ზაზა კოლელაშვილს ძალიან ეხერხებოდა “ბუნტოვშიკობა” და როგორც კი ვინმეს ხმის ტონი არ მოეწონებოდა, წასული იყო მისი საქმე. მაგრამ ერთი რაინდული ჩვევა ჰქონდა - მის გარდა თუ ვინმე დაიწყებდა გაჩმახებას, ზაზაზე კეთილი მრჩეველი და სიტუაციის დამრეგულირებელი არ მოიძებნებოდა. ერთხელაც, ვიგრძენი, რომ ზაზას ნაღმი მზადდებოდა ასაფეთქებლად და დავიწყე ჩემს წინ მჯდომი ძმაკაცების გინება, ყველას ვემუქრებოდი და ვაშინებდი. ზაზამ დაივიწყა თავისი საქმე, გამიყვანა აივანზე დასამშვიდებლად და ისე მმოძღვრავდა, მეგონა ცნობილი პედაგოგი მაკარენკო გაცოცხლდა-მეთქი. მითხრა, თუ გიყვარვარ, წვეთი აღარ დალიოო. არადა, ფხიზელი ვიყავი. მაინც კიდევ დიდხანს “ვიჩხუბე”, მხოლოდ იმიტომ, რომ ზაზას ჩემი მეთვალყურეობა არ შეეწყვიტა. ბოლოს მითხრა, ხო ვართ ძმები, ახლა სახლში წავიდეთ შენთან და დაიძინეო. დავუჯერე და მოვარჯულებინე თავი მთვრალს ფხიზელმა”.
ზაზა კოლელაშვილი ბახუსის მოტრფიალეთა “დედა ტერეზაა”, მისმა კოლეგა ნოდარ ხუციშვილმა კი ერთხელ სპექტაკლი ჩაშალა.
“ერთ-ერთ სპექტაკლში პირველ მოქმედებაში ვითამაშე, შემდეგ საგრიმიოროში შევედი და ზარს ველოდებოდი, რომ კვლავ სცენაზე დავბრუნებულიყავი. ამ დროს მეგობრებმა მომაკითხეს, გარეთ გამიყვანეს. მანქანა სავსე ჰქონდათ კონიაკის ბოთლებით. დაგვილიეო, მთხოვეს. ვიუარე. ვინც არ დალიოსო, დაიკურთხეს. რაღას ვიზამდი. მოვკიდე ხელი ერთ ბოთლ კონიაკს და ბოლომდე გამოვცალე. დაირეკა ზარი. გავედი სცენაზე. მომჩერებია ბატონი თენგიზ ჩანტლაძე და მელოდება, ჩემს ტექსტს როდის შევუდგები. დავიწყე, “პატივცემულო მოსამართლენო”, ენაც დამება და ტექსტიც დამავიწყდა. მარტო ამ ორ სიტყვას ვიმეორებდი, სანამ პარტნიორმა არ მიკარნახა სათქმელი. ხედავს თენგიზ ჩანტლაძე, ხელიდან ვეცლები და ნაკარნახევსაც ვერ ვიმეორებ, ამიტომ ჭკუაზე მომიყვანა და სამი თვით დამლაგებლის შტატში გადამიყვანა”.
1857
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85