ბილი აილიშმა კიდევ ერთი შოუ შეაჩერა, რათა ფანების უსაფრთხოება შეემოწმებინა

ბილი აილიშმა კიდევ ერთი შოუ შეაჩერა, რათა ფანების უსაფრთხოება შეემოწმებინა

ბილი აილიშმა უკვე მეორედ შეაჩერა თავისი კონცერტი, რათა მაყურებელთა უსაფრთხოებაში დარწმუნებულიყო. ეს ფაქტი გასულ შაბათ-კვირას ნიუ-იორკში მოხდა, როცა შუა კონცერტის დროს ბილი აილიში შეჩერდა, შემდეგ კი ფანებს უთხრა: "თუ დაჯდომა გინდათ, ამის უფლება გაქვთ. მიდით, დასხედით და ამოისუნთქეთ".

მსგავსი ინციდენტი ატლანტაში ჩატარებულ ბილი აილიშის კონცერტზე უკვე მოხდა, როცა მომღერალმა შენიშნა, რომ ერთ-ერთ ფანს სამედიცინო დახმარება სჭირდებოდა.

"ინჰალატორი გჭირდებათ?", — მომღერალმა პირდაპირ მიმართა აუდიტორიას ატლანტაში, შემდეგ კი კონცერტის ორგანიზატორებს სთხოვა, რომ ინჰალატორი ფანისთვის მიეწოდებინათ. "მოვიცდი, სანამ ყველა კარგად არ იქნება და მხოლოდ ამის შემდეგ გავაგრძელებ", — განაცხადა აილიშმა წინა კონცერტზე.

აილიშის ასეთი მოწოდებები ზოგიერთმა ტრევის სკოტთან და ფესტივალ Astroworld-თან დააკავშირა, რომლის დროსაც 10 ადამიანი დაიღუპა და ასობით დაშავდა.

კანიე ვესტმა ინსტაგრამზე პოსტი გააზიარა, რომლის მიხედვითაც ბილი აილიშმა კონცერტის დროს ტრევის სკოტი გააკრიტიკა და აილიშს მოსთხოვა, რომ საჯაროდ მოეხადა ბოდიში. მოგვიანებით აილიშმა კანიეს კომენტარებში უპასუხა და თქვა, რომ "მას ერთი სიტყვაც კი არასდროს უთქვამს ტრევის სკოტზე".