„რადიო თავისუფლება“: ევროკავშირმა სანქციები სერგეი შოიგუს, მარია ზახაროვას, მარგარიტა სიმონიანს და ვლადიმერ სოლოვიოვსაც დაუწესა

„რადიო თავისუფლება“: ევროკავშირმა სანქციები სერგეი შოიგუს, მარია ზახაროვას, მარგარიტა სიმონიანს და ვლადიმერ სოლოვიოვსაც დაუწესა

24 ფიზიკურ პირს შორის, რომლებსაც ევროკავშირმა რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებული ქმედებების გამო სანქციები დაუწესა, თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, და საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვაც მოხვდნენ. ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ რუსული რედაქცია წერს.

როგორც გამოცემას ევროკომისიაში საკუთარმა წყარომ აცნობა, სანქციები ასევე დაუწესდება რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ვიცე-სპიკერ პიოტრ ტოლსტოის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროს ანტონ ვაინოს, ტელეარხ Russia Today-ის ხელმძღვანელ მარგარიტა სიმონიანს, ტელეწამყვან ვლადიმერ სოლოვიოვს და მაღალჩინოსან სამხედროებს.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. „დამოუკიდებლობა“ 21 თებერვალს აღიარა, რის შემდეგაც რუსეთმა უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებთან ე.წ. „დიპლომატიური ურთიერთობები“ დაამყარა. რუსეთის პარლამენტის ზედა პალატამ კი ვლადიმერ პუტინს რუსეთის ფარგლებს გარეთ შეიარაღებული ძალების გამოყენებაზე თანხმობა მისცა.

ამის შემდეგ დიდმა ბრიტანეთმა 5 რუსულ ბანკსა და ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულ 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა, გერმანიამ კი გაზსადენი Nord Stream 2-ის სერტიფიცირება შეაჩერა. ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი მიიღეს, შემდეგ კი მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ ვაშინგტონში განაცხადეს. პრეზიდენტ ჯო ბაიდენის თქმით, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები რუსეთის სუვერენულ ვალს, ორ ფინანსურ ინსტიტუტსა და რუსეთის ელიტის წარმომადგენლებს შეეხება.