ანტონიო გუტერეში: ის, რაც დონბასში ხდება გენოციდი არ არის, რუსი სამხედროები კი მშვიდობისმყოფელები არ არიან

ანტონიო გუტერეში: ის, რაც დონბასში ხდება გენოციდი არ არის, რუსი სამხედროები კი მშვიდობისმყოფელები არ არიან

ის რაც ოკუპირებულ დონეცკსა და ლუგანსკში ხდება გენოციდის განმარტებას არ შეესაბამება. ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განაცხადა. მისი განცხადება ორგანიზაციის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

„გენოციდი დანაშაულია, რომელსაც მკაფიო განმარტება აქვს და ამ ტერმინის გამოყენება საერთაშორისო სამართლის შესაბამისად უნდა ხდებოდეს. ვფიქრობ, ეს ის შემთხვევა არ არის“, - განაცხადა გუტერეშმა.

მან დასძინა, რომ გაერო უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში შესულ რუს სამხედროებს მშვიდობისმყოფელებად​ არ ჩათვლის.

„როდესაც ერთი ქვეყნის სამხედროები სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე მისი ნებართვის გარეშე შედიან, ისინი მიუკერძოებელი მშვიდობისმყოფელები არ არიან. საერთოდ არ არიან მშვიდობისმყოფელები“, - აღნიშნა გუტერეშმა და რუსეთს გაეროს წესდების დაცვისკენ მოუწოდა.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. „დამოუკიდებლობა“ 21 თებერვალს აღიარა, რის შემდეგაც რუსეთმა უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებთან ე.წ. „დიპლომატიური ურთიერთობები“ დაამყარა. რუსეთის პარლამენტის ზედა პალატამ კი ვლადიმერ პუტინს რუსეთის ფარგლებს გარეთ შეიარაღებული ძალების გამოყენებაზე თანხმობა მისცა.

ამის შემდეგ დიდმა ბრიტანეთმა 5 რუსულ ბანკსა და ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულ 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა, გერმანიამ კი გაზსადენი Nord Stream 2-ის სერტიფიცირება შეაჩერა. ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი მიიღეს, შემდეგ კი მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ ვაშინგტონში განაცხადეს. პრეზიდენტ ჯო ბაიდენის თქმით, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები რუსეთის სუვერენულ ვალს, ორ ფინანსურ ინსტიტუტსა და რუსეთის ელიტის წარმომადგენლებს შეეხება.