დღეს, თავისუფალი სამყაროს ბედი წყდება. ან იარსებებს თავისუფალი სამყარო, ან 21-ე საუკუნის სახედაბოტოქსებული თემურ ლენგი მიითვისებს ყველაფერს და გადაყლაპავს მთელ ევროპას, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ახლა გადამწყვეტი მოქმედებების დროა.
„იმედია, ევროპის ლიდერები ხვდებიან, რომ პუტინი არც დონეცკსა და ლუგანკსზე გაჩერდება, ისევე, როგორც არ გაჩერდა არც სამაჩაბლოზე, არც აფხაზეთზე, ყირიმზე და საერთო ჯამში არც უკრაინაზე გაჩერდება. ვიდრე ევროპის ყველა დედაქალაქს არ მიიერთებს და თავის უშნო, სამფეროვან დროშას ყველგან არ წამოჭიმავს, მას ვერაფერი გააჩერებს. ახლა გადამწყვეტი მოქმედებების დროა“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. „დამოუკიდებლობა“ აღიარა.
„არავის და არაფრის გვეშინია, არავის არაფერს მივცემთ - ჩვენ საკუთარ მიწაზე ვართ“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
კიევი ნორმანდიული ოთხეულის საგანგებო სამიტის გამართვას ითხოვს.