სახალისო მოგონებები ქართველ პოლიტიკოსებსაც გააჩნიათ. მათი უმეტესობა მხიარული ადამიანები არიან და ხასიათის ამ თვისებას საქართველოს პარლამენტის სხდომებზე ხშირად ამჟღავნებენ. თანამემამულე პოლიტიკოსები უცხოელი კოლეგების მსგავსად ხელჩართულ ბრძოლაში იშვიათად ებმებიან, სამაგიეროდ ერთმანეთთან სიტყვიერ პაექრობაში საკუთარ მახვილგონიერებას ხშირად ამტკიცებენ. დღევანდელ წერილში საუბარი ჩვენებურ “ოპოზიცია-პოზიციის” წარმომადგენლებზე გვექნება და ქართული საზოგადოებისათვის რამდენიმე ნაკლებად ცნობილ ისტორიასაც გაგაცნობთ.
ლეიბორისტი სოსო შატბერაშვილის სახელი ყველას გაგვიგონია. ბატონი სოსო იხსენებდა: “არის ასეთი სოფელი - მოხისი. წინასაარჩევნოდ ჩავედით. მოვრჩით გამოსვლებს და ისმის უკმაყოფილო შეძახილი:
- აბა, ერთი გვითხარით, ხალხისთვის რა გაგიკეთებიათ?
ხალხში დამცველებიც გამოგვიჩნდნენ. მასა ორ ნაწილად გაიყო. ერთი - “შალვა, შალვას” გაჰყვიროდა, მეორე – “მიშა, მიშას”. ვიღაც ახსოვდა შენი ნათელაშვილი და მისი საარჩევნო პროგრამა, ისე დაერია ხალხი ერთმანეთს.
ნათელაშვილი ხალხში გაერია და გაშველება დაიწყო, ჩვენც მივეხმარეთ. ისე უბრაგუნებდნენ თანასოფლელები ერთმანეთს, რომ ვერანაირად დავამშვიდეთ. დაცვამ შალვა მანქანისკენ გააქანა. გულმა ვერ მოუთმინა და ხუთ წუთში ისევ ჩვენთან გაჩნდა ყვირილით:
- ძმები ხართ, მეზობლები, სირცხვილია ამდენი ჩხუბი.
ამასობაში დაღამდა. ხალხი ერთმანეთს კვლავ ეჩხუბებოდა. უცებ შალვამ ღიმილით გამოგვხედა:
- ხედავთ, ამ სოფელში რა მაღალი რეიტინგი გვქონია. მიშას მომხრე რომ მეტი ყოფილიყო, ცოცხლები ვერ გამოვასწრებდით”.
ზვიად ძიძიგური იგონებდა: “თავის დროზე მთელმა საქართველომ გაიგო, რომ კობა დავითაშვილი და ლევან ბერძენიშვილი ვაშლის დიეტაზე იყვნენ. მალე 150 კილოგრამიანი კობა 110 კილოგრამი გახდა. ბერძენიშვილმა დაკლებული წონა შეინარჩუნა, მაგრამ დავითაშვილს ნებისყოფა არ ეყო. კობამ გახდომის ყველა მეთოდი საკუთარ თავზე გამოსცადა, მაგრამ ამაოდ. ერთი პერიოდი ელენე გიორგაძის სისტემის ერთგული იყო, წონაში დაკლებაც დაიწყო და ცოტა ხანში ვხედავ, ისევ იმატებს. გაკვირვებული ვეკითხები:
- რა არის, დიეტამ არ გიშველა?
- მიშველა, მაგრამ ერთი კვირის წინ სხვა სკოლას მივაგენი და ვარიანტი არაა, ვუღალატო.
- რა სისტემის დიეტაა?
- რაც შეიძლება მეტი ხორცი უნდა ჭამო”.
ეროვნული მოძრაობის საწყისი პერიოდი იდგა. მერაბ კოსტავას ქუჩაში შეწუხებული დედაბერი მიადგა:
- მიშველე, შვილო, მარჩენალი ძროხა დავკარგე.
თანხმლებმა პირებმა მოხუცის მოშორება დააპირეს, რომ ამხელა კაცი ძროხისთვის არ შეეწუხებინათ.
- გაჩერდით! – შესძახა კოსტავამ - იცოდეთ, რომ ამ ქალისთვის ის ძროხაა მთელი ეროვნული მოძრაობა.
მაშინვე გადაურეკა შესაბამისი რაიონის მილიციას და ყველა, უფროსებიანად ფეხზე დადგა. მობილიზაცია გამოაცხადეს და საღამოს უკვე ახარეს მერაბს, ძროხას ცხელ კვალზე მივაგენითო, ნაკელის კვალის საშუალებით, მეზობელ რაიონში ბალახობდა და პატრონს დავუბრუნეთო.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ზვიად გამსახურდია, რაც ცუდი რამე მოხდებოდა, ყველაფერს “სუკის” მოწყობილ პროვოკაციად ნათლავდა. ერთხელაც ფილარმონიაში, როვნული მოძრაობის საგანგებო კონფერენციაზე დარბაზი ხალხით გაივსო. დაიწყო ზვიადმა გამოსვლა და უცებ, შუქი ჩაქრა. დაბნელდა თუ არა, მისი ომახიანი ხმაც გაისმა:
- მეგობრებო, ეს არის სუკის ელექტროპროვოკაცია!
ბატონი რომან გოცირიძე ერთხელ მეტად “უხერხულ” მდგომარეობაში აღმოჩნდა. სანამ ამ ამბავს მოგიყვებოდეთ, შევთანხმდეთ რომ დღეს პოლიტიკურ დისპუტებს არ გავაჩაღებთ.
“გამსახურდიას პრეზიდენტობის პერიოდია. ევროსაბჭოს დელეგაცია აპირებდა ჩამოსვლას და აეროპორტში მე და ელდარ შენგელაია უნდა დავხვედროდით. დაცვამ გაგვაფრთხილა, პარლამენტიდან ცხვირის გაყოფა არ გაბედოთ, რკინის კაუჭიანი ჯოხებით შეიარაღებული ქალები დგანან და კარგ დღეს არ დაგაყრიანო. დავიწყეთ გამოსავალზე ფიქრი. უცებ, ელდარმა შესძახა, სირცხვილს სიკვდილი მიჯობსო და გაქრა კაცი! როგორც შემდეგ გავიგე, პირველი სართულის ერთ-ერთი ფანჯრიდან გადამხტარიყო. იმ წუთში მეგონა, რომ შტურმით აპირებდა ქალების ალყის გარღვევას და მარტო ხომ არ გავუშვებდი. ცოტა ხანში მეც გარეთ გავვარდი. ელდარი არსად არ ჩანდა, სამაგიეროდ განრისხებული ქალები ჩემგან რამდენიმე მეტრში იდგნენ. დამინახეს, იკივლეს, არ გაუშვათ ცოცხალი ეგ ოპოზიციონერიო და გამომეკიდნენ. მოვრბივარ, მომდევენ.
- შეეშვით, ჩემია, მე უნდა გავპუტო, - დაწინაურდა ერთ-ერთი, - ვინც ხელს შემიშლის ზედ მივაყოლებ.
გონებაში უკვე იმქვეყნად ვარ და წამოწეული ქალის ჩურჩული მესმის:
- ბიჭო, რომანა, გაიქეცი, ნოდარ ნათაძის ბიძაშვილი ვარ და სანამ ჯოხის ქნევა შემიძლია, დრო გაქვს!”
ალბათ დროა, რომ “თანამედროვე” ანუ ახალი ტალღის პოლიტიკოსებზეც გადავიდეთ. ერთ-ერთ მათგანზე ქალბატონი გუგული მაღრაძე საუბრობს:
“საქართველოს პრეზიდენტს შვილიც დაემსგავსა. მახსოვს, თავის ჰოლანდიურ ამბებს მიყვებოდა და უცებ გაბრაზებული სახე მიიღო:
- იქ სამი მაღაზიაა ერთად.
- მერე? –მივაჩერდი.
- ორში პატიოსანი გამყიდველი მუშაობს, ხოლო მესამე დასაჭერია.
- რატომ, ბიჭო? –გავიკვირვე.
- იმიტომ, რომ ბუტერბროდის გაკეთებისას პურს იპარავს, ნორმაზე თხლად ჭრის, ხალხს ატყუებს და არ უნდა შეარჩინონ”.
1050
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85