იქიდან გამომდინარე, რომ ეუთო/ოდირის დასკვნაში საერთოდ არ არის ნამსჯელი უმთავრეს საკითხზე, თუ რამდენად თავსებადია საგამოძიებო და პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერებაზე კონტროლის ფუნქცია ერთი სახელმწიფო სამსახურის ხელში, გვიჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ასეთ შინაარსობრივ საკითხზე ინფორმაცია ეუთო/ოდირს საერთოდ არ მიწოდებია, რაც მას სრულ და ობიექტურ წარმოდგენას შეუქმნიდა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლეობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. ოხანაშვილი მოუწოდებს ომბუდსმენს გაასაჯაროვოს ეუთო/ოდირისთვის გაგზავნილი შეკითხვები.
„როგორც იცით დღეს გასაჯაროვდება ეუთოო/დირის მოსაზრებები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით, რომელიც სახალხო დამცველის შეკითხვის საფუძველზე მომზადდა. აღნიშნული მოსაზრებები ჩვენ ინფორმაციის სახით უკვე მოგვეწოდა, ამიტომ გვსურს გამოვეხმაუროთ, ამ მოსაზრებებს. ჩვენ საზოგადოებას შევახსენებ, რომ აღნიშნული ცვლილებების მიზანს წარმოადგენდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის კიდევ უფრო ეფექტიანი ინსტიტუციური მოწესრიგება და საგამოძიებო ქვემდებარეობის გაფართოება. აღნიშნულ ცვლილებებს ასევე საფუძვლად დაედო ევროპის ქვეყნების კანონმდებლობის ანალიზი, რომლის მიხედვითაც დასტურდება, რომ ევროპის ქვეყნების თითქმის აბსოლუტურ უმრავლესობაში ერთი სახელმწიფო უწყების ხელში არ არის მოქცეული ერთი მხრივ საგამოძიებო ფუნქცია და მეორე მხრივ პერსონალური მონაცემების დამუშავების და მის კანონიერებაზე კონტროლის ფუნქცია. ჩვენ მინერ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად შეიქმნა ახალი, დამოუკიდებელი სახელმწიფო სამსახური, სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახური. საქართველოს პარლამენტმა აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები განახორციელა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საპარლამენტო სუვერენიტეტის შესაბამისად და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის სრული დაცვით. ცნობილია, რომ სახალხო დამცველმა ცვლილებებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად მიმართა ეუთო/ოდირს. ამ მიმართავდნენ სახალხო დამცველს პარლამენტთან არ ჰქონია არანაირი კონსულტაცია და არ დაინტერესებულა ამ საკითხზე ევროპის ქვეყნების ჩვენ ხელთ არსებული ანალიზით. შესაბამისად, ჩვენთვის უცნობია იმ კითხვების შინაარსი რაც სახალხო დამცველის ოფისის მიერ წარდგენილი იყო ეუთო/ოდირისთვის. იქიდან გამომდინარე, რომ ეუთო/ოდირის დასკვნაში საერთოდ არ არის ნამსჯელი უმთავრეს საკითხზე, თუ რამდენად თავსებადია საგამოძიებო და პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერებაზე კონტროლის ფუნქცია ერთი სახელმწიფო სამსახურის ხელში, გვიჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ასეთ შინაარსობრივ საკითხზე ინფორმაცია ეუთო/ოდირს საერთოდ არ მიწოდებია, რაც მას სრულ და ობიექტურ წარმოდგენას შეუქმნიდა. გამოდის, რომ ეუთო/ოდირის წინაშე არ დასმულა მთავარი საკითხი - არის თუ არა ერთმანეთთან თავსებადი გამოძიება და პერსონალური მონაცემების დაცვა და არის თუ არა გავრცელებული მსგავსი მოდელი ევროკავშირის ქვეყნებში. ის რომ შინაარსობრივად არასწორი ინფორმაცია იყო მიწოდებული ეუთო ოდირისთვის, დასტურდება დასკვნაში არსებული სამართლებრივი უზუსტობებით. მაგალითად: დასკვნაში ვკითხულობთ, რომ ახლადშექმნილი ორი ახალი სამსახური თანამდებობის პირთა პარლამენტის მიერ არჩევის კვორუმი თითქოს შემცირდა, რაც რეალურად სიმართლეს არ შეესაბამება და მარტივად გადამოწმებადია. დასკვნაში ასევე წერია, რომ თითქოს გაუქმდა ამ თანამდებობის პირთა მიმართ საპარლამენტო კონტროლის განხორციელების მექანიზმები, რაც ასევე არ შეესაბამება სიმართლეს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად“, - აღნიშნა დეპუტატმა.
ანრი ოხანაშვილის განცხადებით, დასკვნის მიხედვით, იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიუკერძოებლობა და მიუკერძოებლობის აღქმა, ის პირები, ვისაც, მაგალითად, პოლიციის ან/და თავდაცვის უწყებებში მუშაობის მოჭარბებული სტაჟი აქვთ, სამსახურის უფროსის თანამდებობაზე არ უნდა იყვნენ არჩეული.
„აქედან ცხადი ხდება, რომ ეუთო/ოდირი პრაქტიკულად კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ჯერ კიდევ მოქმედი ხელმძღვანელობის ლეგიტიმაციას, მათი ამ გამოცდილებიდან გამომდინარე!
საინტერესოა, იყო თუ არა ეუთო/ოდირისთვის საერთოდ მიწოდებული ინფორმაცია, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ჯერ კიდევ მოქმედ ხელმძღვანელობას შეეძლო ახალ კონკურსში შეუფერხებლად მონაწილეობის მიღება და რომ მათ აღნიშნული შესაძლებლობა არ გამოიყენეს!
იმედია, სახალხო დამცველი იხელმძღვანელებს გამჭვირვალობის პრინციპით და გაასაჯაროებს მის მიერ ეუთო/ოდირისთვის გაგზავნილ შეკითხვებს, რათა ჩვენმა საზოგადოებამ ზუსტი და ობიექტური დასკვნები გამოიტანოს!“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.