„ესაა იმ ადამიანების ლუსტრაცია, რომლებიც ეფარებიან ისეთ ღირებულებებს, რომლებიც, თითქოს, მათთვის ძვირფასია, თუმცა, რეალურად, ეს ადამიანები, ამ შემთხვევაში, საუბარია ბადრი ჯაფარიძეზე, გამოირჩევიან სიყალბითა და საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრით“, - ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ანრი ოხანაშვილი ბადრი ჯაფარიძისა და ირმა ინაშვილის შეხვედრას.
„გვახსოვს, რომ ეს ადამიანები ამ პარტია პრორუსული ღირებულებების მატარებლად მოიხსენიებდნენ, პრაქტიკულად, გამორიცხავდნენ მათთან თანამშრომლობას და ა.შ. ყოველ შემთხვევაში, მათ მიერ გაცხადებული პოზიციები და მოსაზრებები, მათივე ლოგიკით, არანაირად არ შეიძლებოდა, თანხვედრაში ყოფილიყო „პატრიოტთა ალიანსთან“. ეს ადამიანები ყველაფერს კადრულობენ, რომ საზოგადოება მოატყუონ. რეალურად, თუ მათ შეუძლიათ თანამშრომლობა, შეხვედრა, შეუძლიათ, საზოგადოებას ღიად უთხრან და ჩვენი საზოგადოება შესაბამის დასკვნებს თვითონ გააკეთებს. არც ეს არ უნდა იყოს დასამალი. ჩვენთვის არაერთგზის ცნობილია, რომ ეს ადამიანები სიყალბით გამოირჩევიან და, რეალურად, პოლიტიკაში იმისთვის შემოვიდნენ, რომ პოლიტიკურ იმუნიტეტს ამოფარებულიყვნენ და არა იმ ინტერესით, რომ ჩვენი საზოგადოების ინტერესებზე ეზრუნათ“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
20 თებერვალს ბადრი ჯაფარიძესა და ირმა ინაშვილს შორის შეხვედრა გაიმართა.