თენგიზ ცერცვაძე: „ომიკრონის“ ყველაზე ბოლო, BA.2 ვარიანტი უფრო გადამდებია, ვიდრე პირველი სუბვარიანტი და შედარებით მძიმე დაავადებას იწვევს

თენგიზ ცერცვაძე: „ომიკრონის“ ყველაზე ბოლო, BA.2 ვარიანტი უფრო გადამდებია, ვიდრე პირველი სუბვარიანტი და შედარებით მძიმე დაავადებას იწვევს

კორონავირუსის დომინანტი შტამი „ომიკრონის“ მეორე ვარიანტი, BA.2 ჯანმრთელობისთვის უფრო სახიფათოა, ვიდრე მისი წინამორბედი BA.1, სუბვარიანტი. თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ახალ იაპონურ კვლევაზე დაყრდნობით, გამოვლინდა, რომ „ომიკრონის“ BA.2 შტამი, პნევმონიას იწვევს და, ზედა სასუნთქი გზების გარდა, ქვედა სასუნთქ გზებსაც მკვეთრად აზიანებს.

თბილისის ინფექციური პათოლოგიის კლინიკის დირექტორის თქმით, სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი, სავარაუდოდ, სწორედ ამ ქვეშტამით გამოწვეული გართულებებით არის განპირობებული.

„BA.2, ანუ „ომიკრონის“ ყველაზე ბოლო ვარიანტი, 1,5-ჯერ უფრო გადამდებია და სწრაფად ვრცელდება, ვიდრე „ომიკრონის“ პირველი სუბვარიანტი, BA.1. გარდა ამისა, იწვევს შედარებით უფრო მძიმე დაავადებას და, მათ შორის, უფრო ხშირად იწვევს ფილტვების ანთებას. საქართველოში შემთხვევათა უმეტესობა გამოწვეულია BA.2-ით და ეს არის მაღალი სიკვდილობის ერთ-ერთი მიზეზი იმასთან ერთად, რომ საქართველოში მაინც ძალიან მცირეა ვაქცინირებულთა რიცხვი. განსაკუთრებით მცირეა მესამე, ბუსტერ დოზით აცრილთა რიცხვი“, - აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 548 893 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 388 534, გარდაიცვალა 15 856 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.