ნიკა მელია: ბატონ ზელენსკის მეგობარი სახელმწიფოსგან მეტის მოლოდინი ჰქონდა - სამწუხაროდ, მიწევს აღიარება, რომ დიახაც, მის განცხადებაში ნაგულისხმები ვიქნებოდით

ნიკა მელია: ბატონ ზელენსკის მეგობარი სახელმწიფოსგან მეტის მოლოდინი ჰქონდა - სამწუხაროდ, მიწევს აღიარება, რომ დიახაც, მის განცხადებაში ნაგულისხმები ვიქნებოდით

მე დარწმუნებული ვარ, სამწუხაროდ, მიწევს ამის აღიარება, რომ დიახაც, ნაგულისხმები ვიქნებოდით - ბატონ ზელენსკის მეგობარი სახელმწიფოსგან მეტის მოლოდინი ჰქონდა , - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიამ ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენსკი მოიაზრებს თუ არა საქართველოს საკუთარ განცხადებაში, რომლის თანახმადაც, მადლიერია ქვეყნების, რომლებიც გვერდში უდგანან უკრაინას სიტყვით, დეკლარაციებით, დახმარებით, თუმცა არ ჩამოთვლის მეგობარ ქვეყნებს სახელებით, რადგან არ უნდა ზოგიერთ ქვეყანას შერცხვეს.

მისივე განცხადებით, მოსახლეობამ განსაჯოს, თუ რამდენად ადეკვატურია საქართველოს ხელისუფლების დუმილი უკრაინასთან დაკავშირებით.

"მე დარწმუნებული ვარ, სამწუხაროდ, მიწევს ამის აღიარება, რომ დიახაც, ნაგულისხმევი ვიქნებოდით. ბატონ ზელენსკის მეგობარი სახელმწიფოსგან ჰქონდა მეტის მოლოდინი და მესმის, რომ ის ფრჩხილებს არ ხსნის, მაგრამ საქართველოს მოქალაქეებმა, საზოგადოებამ ხომ ვიცით. მაგრამ ყველაზე მთავარი რაც არის, საზოგადოების მხრიდან არის დიდი სოლიდარობა და საქართველოს მოქალაქე აკეთებს იმას, რომ უკრაინელ ხალხს გააგონოს მისი სოლიდარობის ხმა, რასაც უნდა აკეთებდეს წესით და რიგით ამ სახელმწიფოს ხელისუფლება.

სამწუხაროდ, ეს რეალობა უკრაინელებისთვის და ქართველებისთვის არის არასახარბიელო. დღეს, როდესაც მთელი მსოფლიოს ყურადღება მიპყრობილია უკრაინის მიმართ, თავად მოდით, საქართველოს მოქალაქემ განსაჯოს რამდენად ადეკვატურია დუმილი, რამდენად ადეკვატურია განცხადების არ გაკეთება საქართველოს ხელისუფალის მხრიდან. მე ასეთ ადამიანს, ვისაც იოტისოდენა ხარისხით მაინც შერჩენია ობიექტურად ვითარების შეფასების უნარი, არ ვიცნობ. სხვა საკითხია როდესაც შენ სხვადასხვა სუბიექტური მოსაზრებების გამო გიწევს შავზე თეთრის თქმა. ასეთი ადამიანები ვაღიარებ, არსებობენ", - განაცხადა ნიკა მელიამ.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა, რომ მადლობელია იმ ქვეყნების, ვინც უკრაინას მხარში უდგას, თუმცა მან ქვეყნები არ ჩამოთვალა რადგან, მისი თქმით, არ უნდა ზოგიერთ ქვეყანას შერცხვეს.

"​მადლიერი ვარ ქვეყნების, რომლებიც გვერდში უდგანან უკრაინას სიტყვით, მიღებული დეკლარაციებითა და კონკრეტული დახმარებით. არ ჩამოვთვლი ჩვენს მეგობარ ქვეყნებს სახელებით, რადგან არ მინდა ზოგიერთ ქვეყანას შერცხვეს", - განაცხადა ზელენსკიმ.

 

დემეტრე - ნაცები, ლელო, ევროპული საქართველო, ჩვეულებრივი მე-5 კოლონაა! ალბათ ხვდებიან, მაგრამ " სხვაგვარად არ ძალუძთ"...
3 წლის უკან